სომხეთმა და თურქეთმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის ფარგლებში გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ექსპლუატაციაში გაშვების საკითხები განიხილეს.

როგორც სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ხუდატიანმა განაცხადა, შესაბამისი საკითხები მან თურქეთის ელექტროენერგიის გადამცემი კორპორაციის (TEİAŞ) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესა და გენერალურ დირექტორ მუსტაფა ფუშტუს ხელმძღვანელობით დელეგაციასთან შეხვედრაზე განიხილა.

ხუდატიანის თქმით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს სომხეთისა და თურქეთის ელექტროენერგეტიკული სისტემების ურთიერთდაკავშირების მნიშვნელობას როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული თანამშრომლობისთვის.

მისივე ინფორმაციით, თურქეთის დელეგაციამ შეხვედრები გამართა სომხეთის ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორისა და "მაღალი ძაბვის ელექტროქსელების" ხელმძღვანელებთან.