პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეზე საუბრისას განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული კადრები აჩვენებს, რომ პენიტენციური სისტემა სტანდარტების დაცვით მოქმედებს. მისივე შეფასებით, დავითაძის შემთხვევაში "იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპების დაცვით" მოხდა.

შეგახსენებთ, გიორგი დავითაძის განცხადებით, დეესკალაციის ოთახში მასზე ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.

"როდესაც საჭიროა იძულების ზომის გამოყენება პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, ეს იძულების ზომა გამოიყენება, თუმცა, როგორც კადრებმა აჩვენა, ეს ყველაფერი ხორციელდებოდა პროპორციულობის პრინციპის, თანაზომიერების პრინციპის დაცვით.

...ყველა უწყება არის ღია და გახსნილი, ყველას მიმართ. ესეც არის ჩვენი სტანდარტი და ამ შემთხვევაშიც, ბუნებრივია, ეს სტანდარტი არის დაცული. თუ არის პრეტენზიები, ყველას შეუძლია მიმართოს შესაბამის უწყებებს, მათ მიმართოს სახალხო დამცველს, მიმართოს სხვა უწყებებს, რა თქმა უნდა, ყველა უწყება გასცემს პასუხს ყველა შეკითხვას. ეს არის, ბუნებრივია, ჩვენი პასუხისმგებლობა და ასე მოქმედებს ყველა სამთავრობო უწყება.

...გამოძიების პირველადი შედეგები, რა თქმა უნდა, ვიცით, თუმცა ერთ რამეს მოგახსენებთ, რომ რაც მალე დაიხურება ასეთი გამოძიება, მით უკეთესი, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოძიება მალე იქნეს ბოლომდე მიყვანილი. ....ყველაფერი კარგად ჩანს კადრებში, რომ პენიტენციური უწყება მოქმედებდა სტანდარტების შესაბამისად და პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად", — განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებას, მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ "შეიძლება სადღაც იყო გარკვეული სირთულეები, თუმცა ვითარება აბსოლუტურად სრულად ექვემდებარება კონტროლს".

"იყო გარკვეული სპეკულაციები, რასთან დაკავშირებითაც ყველას გაქვთ ინფორმაცია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი, ვერავითარი, აჟიოტაჟი ვერ შექმნეს. შეიძლება სადღაც იყო გარკვეული სირთულეები, თუმცა ვითარება აბსოლუტურად სრულად ექვემდებარება კონტროლს. არ არის სიმშვიდის დარღვევის არავითარი საფუძველი. იუსტიციის სამინისტრო, ყველა შესაბამისი უწყება ბოლომდე აკონტროლებს ვითარებას.

...რეალურად საფუძველი არ ჰქონდა სპეკულაციებს, აქედან გამომდინარე, ყველაფერი ძალიან მარტივად დამშვიდდა. ყველამ ძალიან კარგად იცის რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში საქართველოში, როგორ არის მოწყობილი ეს სისტემა, რა სტანდარტებით მუშაობს სასჯელაღსრულების სისტემა. აქედან გამომდინარე, ასეთ ხელოვნურ სპეკულაციებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატება. ბოლომდე არის კონტროლის ქვეშ ვითარება", — განაცხადა კობახიძემ.