2026 წლის 7 თვის მონაცემებით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით კიდევ 11.5%-ით (12,440) გაიზარდა.

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მიერ მომზადებულ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკის ანალიზსა და შეფასებას მოიცავს.

ორგანიზაციის განცხადებით, სისხლის სამართლის სტატისტიკის ერთიანი ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს ქვეყანაში 22,767 მსჯავრდებულია. 2025 წლის მონაცემებით, პენიტენციურ დაწესებულებაში 11,153 პირი იყო მოთავსებული. წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 2055 ადამიანით (22.6%) არის გაზრდილი — ეს რაოდენობა ქართული ოცნების მმართველობისთვის რეკორდული მაჩვენებელია.

"მონაცემები აჩვენებს, რომ მიუხედავად რიტორიკისა, სახელმწიფო კვლავ მნიშვნელოვანწილად სადამსჯელო და კონტროლზე ორიენტირებულ ლოგიკას ეყრდნობა," — წერს ორგანიზაცია.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს ბოლო მონაცემებით, საქართველო პატიმართა რაოდენობით (100 000 მოსახლეზე) ევროპის საბჭოს წევრ 46 ქვეყანას შორის მეოთხე ადგილზეა.

ორგანიზაციის შეფასებით, მსჯავრდებულთა მომატებული რაოდენობა აიხსნება იმ ფაქტით, რომ ბოლო 15 წლის მონაცემებით, სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობების 98%-ს აკმაყოფილებს. 2025 წელს სასამართლომ 82.9% შემთხვევაში დააკმაყოფილა პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა, რაც 2012 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ფოტო: SJC

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლის მონაცემებით, რეგისტრირებული 22,767 მსჯავრდებულიდან 17,967 პირი, ანუ 79% უმუშევარია. ორგანიზაციის შეფასებით, კრიმინალის ზრდა მჭიდროდ უკავშირდება სიღარიბეს, უმუშევრობას, სოციალურ გარიყულობასა და დამოკიდებულების პრობლემებს. აღნიშნული მონაცემები კი სწორედ ამაზე მეტყველებს.

ფოტო: SJC

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში დანაშაულის ყველაზე დიდი ნაწილი საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ და ნარკოტიკულ დანაშაულებზე მოდის. 2025 წელს რეგისტრირებული დანაშაულების დაახლოებით 31% საკუთრების წინააღმდეგ იყო მიმართული, ხოლო ნარკოდანაშაული 89.1%-ით არის გაზრდილი. ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული ტიპის დანაშაულების მომატებაც ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებთან არის დაკავშირებული.

საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების უდიდესი წილი არასრულწლოვნების მიერ არის ჩადენილი. ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2025 წელს ბრალდებულ არასრულწლოვანთა 89%-ს ბრალი საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის წაუყენეს. ამასთან, განრიდებულ არასრულწლოვანთა 65%-ს ქურდობა ჰქონდა ჩადენილი.

რაც შეეხება ნარკოდანაშაულს — სტატისტიკის მიხედვით, მსჯავრდებულთა მეორე დიდ ჯგუფს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები წარმოადგენენ.

2021 წლის კვლევის თანახმად, ინექციური გზით ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა რაოდენობა 51,000-ს უტოლდება (საქართველოს 18-64 წლის ასაკის პოპულაციაზე გადათვლით — 49,700-ს). აღნიშნული მაჩვენებლით საქართველო რამდენჯერმე აღემატება ევროკავშირის ნარკოტიკების სააგენტოს მიერ დადგენილ საშუალო მაჩვენებელს.

ორგანიზაციის განცხადებით, 2024 წელთან შედარებით, ნარკოდანაშაულით მსჯავრდებულ პირთა რაოდენობა დაახლოებით 89.1%-ით არის გაზრდილი.

პენიტენციურ დაწესებულებებში მდგომარეობის შესახებ ანგარიში იხილეთ აქ.