რუსეთი უკრაინას რაკეტებითა და დრონებით კიდევ ერთხელ დაესხა თავს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, ეს იყო ერთ-ერთი "ყველაზე ცინიკური დარტყმა", რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე 20 ადამიანის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამრეწველო ობიექტები და ენერგოინფრასტრუქტურა.

ზელენსკის განცხადებით, იერიში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეს დაემთხვა.

"დღეს, პუტინისთვის "დაბადების დღის საჩუქრის" სახით, რუსულმა არმიამ პრილუკიში საცხოვრებელი კორპუსი გაანადგურა... რუსებს მტკივნეული და დემონსტრაციული დარტყმა სურდათ. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური თავდასხმა იყო: სულ 70 რაკეტა გაისროლეს, რომელთა დიდი ნაწილი ბალისტიკური იყო", — აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ადამიანური მსხვერპლის მხრივ ყველაზე მძიმე ვითარება ჩერნიგოვის ოლქის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ პრილუკიშია, სადაც რუსულმა რაკეტამ ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი სრულებით გაანადგურა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მხოლოდ ამ ადგილას 14 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი დაიღუპა.

ჩამოშლილი ხუთსართულიანი კორპუსის ნანგრევებში საძიებო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება — ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ათობით მაშველი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა შენობის გადარჩენილ ზედა სართულებთან მისასვლელად კიბეები გამოიყენეს.

რეგიონული ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, თავდასხმას დაახლოებით 50 ადამიანი ემსხვერპლა ან დაშავდა, მათ შორის შვიდი ბავშვია.