ცოტა ხნის წინ გავლენიანი ბრიტანული ჟურნალის, Times Higher Education-ის, 2027 წლის მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგი გამოქვეყნდა. ზედიზედ მეექვსედ, ყოველწლიურ ჩამონათვალში ყველაზე მაღალრეიტინგული ქართული უმაღლესი სასწავლებელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოჩნდა. ილიაუნი 1400-ე და 1600-ე პოზიციებს შორისაა. მე-2000 პოზიციას მიღმაა სხვა ქართული სასწავლებლები: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

ილიაუნი, რომელსაც წლის დასაწყისში გამოცხადებული "რეფორმის" შედეგად საგანმანათლებლო პროგრამების აბსოლუტური უმრავლესობის განხორციელების უფლება შეეზღუდა, მსოფლიო საუნივერსიტეტო რეიტინგში 2022 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ რჩება ყველაზე მაღალრეიტინგულ ქართულ უმაღლეს სასწავლებლად. მანამდე ერთადერთი ქართული უნივერსიტეტი, რომელიც რეიტინგში ფასდებოდა, თსუ იყო.

რაც შეეხება მსოფლიო სტატისტიკას, ზედიზედ მეთერთმეტედ, რეიტინგის უპირობო ლიდერი ოქსფორდის უნივერსიტეტი გახდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ისტორიაში პირველად, რეიტინგში აზიამ კონტინენტურ ევროპას გაუსწრო.

Times Higher Education რეიტინგს სხვადასხვა კომპონენტის შეფასებით ადგენს, მათ შორისაა კვლევითი რეპუტაცია, სწავლების ხარისხი და ინოვაციურობა.