დღეს დიდმა ბრიტანეთმა "რუსეთის სანქციების რეჟიმის" ფარგლებში, სანქცია დაუწესა 31 ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირსა და გემს, იმ საქმიანობისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სანქციები საქართველოს 4 მოქალაქესაც შეეხო:

1. ქართული რუსულენოვანი ტელეარხ "სეზონი TV"-ის დამფუძნებელს, ნიკოლოზ მჟავანაძეს;

2. პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანსა და პოლიტიკური საბჭოს წევრს, მამუკა ფიფიას;

3. ქართველი პოლიტიკური და სამხედრო საკითხების დამკვირვებელს, პაატა აბულაძეს.

4. პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტიკური საბჭოს წევრს, გიორგი ირემაძეს.

ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე, ნიკოლოზ მჟავანაძე და პაატა აბულაძე სანქციებს უკრაინის დესტაბილიზაციასთან და მისი ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნასთან დაკავშირებული ქმედებების მხარდაჭერის გამო დაექვემდებარნენ. მათი ინფორმაციით, ოთხივე მონაწილეობდა ქართველ პოლიტიკოსთა დელეგაციის ვიზიტში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელთან და ვიზიტი შემდეგ გაასაჯაროვა.

ბრიტანეთის ხელისუფლება ასევე მიუთითებს, რომ მამუკა ფიფია რუსეთის დეზინფორმაციულ ნარატივებს ავრცელებდა. ოთხივეს წინააღმდეგ დაწესებულია აქტივების გაყინვა და გაერთიანებულ სამეფოში შესვლის აკრძალვა, ხოლო ფიფიასა და მჟავანაძეს დამატებით შეეხოთ სატრასტო მომსახურებებსა და დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული შეზღუდვები.


ამას გარდა, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა შორის არის სამი პირი, რომლებიც კავშირში არიან საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებთან — აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან: მარატ კამბოლოვი, ალან გაგლოევი და სერგეი ტოლმაჩოვი.

"რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია, რომელიც მისი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრებისადმი უპატივცემულობაში გამოიხატება. მათ შორისაა საქართველოს რეგიონების — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის — ოკუპაციის გაგრძელება.

დიდი ბრიტანეთი გმობს რუსეთის მცდელობებს, გაამყაროს საკუთარი უკანონო კონტროლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, მათ შორის 18 სექტემბერს სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნების" და დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯების მეშვეობით.

დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მისი ქმედებების გამო", — წერია საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების 31 ზომა მიზნად ისახავს კრემლის მიერ ომის დაფინანსების შეზღუდვას, დეზინფორმაციული ქსელების საქმიანობის შეფერხებას და უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების წამებასა და ბავშვების იძულებით ინდოქტრინაციაში მონაწილე პირების დასჯას.

სანქციები, მათ შორის, შეეხება რვა პირს, რომლებიც, ბრიტანეთის შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების თვითნებურ დაკავებასა და წამებაში მონაწილეობდნენ, ასევე შვიდ პირს, რომლებიც უკრაინელი ბავშვების ინდოქტრინაციასა და მილიტარიზაციაში არიან ჩართული. ლონდონის ინფორმაციით, დაახლოებით 6 000 უკრაინელი ბავშვი იძულებით გადაიყვანეს ე.წ. "გადამზადების" ბანაკებში, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მილიონობით სხვა ბავშვი კრემლის პროპაგანდისტულ პროგრამებს ექვემდებარება.

პაკეტი ასევე მოიცავს სანქციებს რუსეთის ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" LNG-ის გემებისა და კრემლის დეზინფორმაციული ქსელების წინააღმდეგ. მათ შორის არიან შვიდი პირი, რომლებიც, ბრიტანეთის განცხადებით, კრემლის სასარგებლო დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილეობენ, მათ შორის ოთხი საქართველოს მოქალაქე, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციის ლეგიტიმაციას უწყობენ ხელს ან ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ დანიშნულ ადმინისტრაციებში მსახურობენ. ბრიტანეთის ცნობით, საერთაშორისო სანქციებმა რუსეთს ომის დასაფინანსებლად თითქმის 500 მილიარდი დოლარის რესურსი უკვე შეუზღუდა, ხოლო თავად ქვეყანას ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" თითქმის 600 ტანკერი აქვს სანქცირებული.