პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და პოლიტიკური საბჭოს წევრი, პრორუსი ბიზნესმენი მამუკა ფიფია ერთ-ერთია იმ 4 ქართველს შორის, რომელიც დღეს დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა.

ის "ტვ პირველთან" საუბრისას დასანქცირებას "ჯილდოს" უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ძალიან უხარია. საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ დასმულ კითხვაზე კი ამბობს, რომ მისი საქმიანობის დაფინანსების სხვა გზებიც არსებობს, თუმცა დეტალებს "სახელმწიფო საიდუმლოს" უწოდებს.

ფიფიას თქმით, საქართველოში ორ ბანკში ჰქონდა ანგარიში, თუმცა სანქციების გამოცხადებამდე თანხები უკვე გატანილი ჰქონდა. საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ პრობლემა არ ექნება, რადგან საქართველოს მოქალაქეა და ქვეყანაში ქართული პასპორტით შემოვა.

"ეს [დიდი ბრიტანეთის სანქცია] არის ჯილდო ჩემთვის, ძალიან მიხარია. ...საქართველოს ორ ბანკში მქონდა ანგარიშები და ყველაფერი მქონდა გატანილი. ბოლოს დღეს შევამოწმე ანგარიშები. ...არა მგონია, რატომ არ უნდა შემომიშვან საზღვარზე, მე ვარ საქართველოს მოქალაქე. ქართული პასპორტით შემოვალ ჩემს სამშობლოში", — ამბობს ფიფია "ტვ პირველთან".


UK-მა ნიკოლოზ მჟავანაძე, მამუკა ფიფია, გიორგი ირემაძე და პაატა აბულაძე დაასანქცირა

დღეს დიდმა ბრიტანეთმა "რუსეთის სანქციების რეჟიმის" ფარგლებში, სანქცია დაუწესა 31 ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირსა და გემს, იმ საქმიანობისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სანქციები საქართველოს 4 მოქალაქესაც შეეხო:

1. ქართული რუსულენოვანი ტელეარხ "სეზონი TV"-ის დამფუძნებელს, ნიკოლოზ მჟავანაძეს;

2. პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანსა და პოლიტიკური საბჭოს წევრს, მამუკა ფიფიას;

3. ქართველი პოლიტიკური და სამხედრო მიმომხილველს, პაატა აბულაძეს.

4. პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტიკური საბჭოს წევრს, გიორგი ირემაძეს.