საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნაურუს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე მარკუს სტივენსს შეხვდა. შეხვედრა საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ორი ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებს შორის პირველი შეხვედრაა.

როგორც პარლამენტის ადმინისტრაცია იტყობინება, შალვა პაპუაშვილმა მარკუს სტივენსს მადლობა გადაუხადა ნაურუს გადაწყვეტილებისთვის, რომლის საფუძველზეც ქვეყანამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარება გააუქმა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.

პაპუაშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის პატივისცემის ნათელი გამოვლინებაა.

"შეხვედრაზე მხარეებმა ასევე გამოხატეს საპარლამენტო კავშირების განვითარების მზაობა. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, ნაურუს რეფორმების მიმართულებით მიღებული წარმატებული გამოცდილება გაუზიაროს", - წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

შეხვედრა ტანზანიის ქალაქ არუშაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.