დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ამირან გამყრელიძე IPN-თან საუბრისას აცხადებს, რომ თუ ირკუტსკიდან საქართველოში პირდაპირი ფრენა არსებობს, საზღვარზე კონტროლის შესაბამისი ზომები უნდა დაწესდეს და რუსეთიდან, მათ შორის ირკუტსკის რეგიონიდან, შემომსვლელებისთვის სპეციალური პროტოკოლი უნდა არსებობდეს.

მისივე თქმით, შავი ჭირის გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ვითარება საყურადღებოა და შესაბამისი მზადყოფნის ზომები უნდა არსებობდეს.

"ირკუტსკი მოშორებით არის ჩვენგან და არ ვიცი, პირდაპირი ფრენა არსებობს თუ არა. თუ პირდაპირი ფრენა არის ირკუტსკიდან, მაშინ, რა თქმა უნდა, უნდა მივიღოთ საზღვრების კონტროლის შესახებ ზომები, რაც უკვე მიიღო ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა.

რუსეთიდან ან ირკუტსკის რეგიონიდან შემომავალ ადამიანებზე, ვფიქრობ, უნდა იყოს დადგენილი პროტოკოლი. ეს ყველაფერი პროტოკოლი და ასე შემდეგ სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს.

2014 წელს ებოლას დიდი აფეთქება იყო დასავლეთ აფრიკაში. ეს ქვეყნები ჩვენგან შორს იყო, მაგრამ შესაბამისი მზადყოფნის ზომები გავატარეთ, მაგალითად მარაგების შექმნა პირადი დაცვის საშუალებების, წამალ-მედიკამენტების და ასე შემდეგ. ვფიქრობ, ამას სახელმწიფო გააკეთებს.

ქვეყანაში დიდი პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ საყურადღებოა ის, რაც ხდება. დიდი ალბათობით, დღეს უკვე იციან შავი ჭირის პრევენცია და მკურნალობა, ანტიბიოტიკების არსებობის გამო. დიდი ალბათობით, დიდ პანდემიასთან საქმე არ უნდა გვქონდეს, მაგრამ საყურადღებოა და შესაბამისი მზადყოფნის რეჟიმთან დაკავშირებული პროტოკოლები უნდა იყოს დამუშავებული, რაც არსებობს", — განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძე ასევე ამბობს, რომ ირკუტსკის ოლქი შავი ჭირის ენდემური რეგიონია, სადაც მღრღნელებსა და დაავადების გავრცელებაზე დაკვირვება მიმდინარეობს. მისი თქმით, ოფიციალური ინფორმაციით, ინსტიტუტის თანამშრომელი დაუდგენელი გენეზის პნევმონიით გარდაიცვალა, თუმცა სხვადასხვა წყარო შესაძლო ფილტვისმიერ შავ ჭირზე მიუთითებს. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ბუბონური შავი ჭირი ანტიბიოტიკებით, როგორც წესი, კარგად იკურნება, მაშინ როცა ფილტვისმიერი ფორმა გაცილებით მძიმეა და მაღალი სიკვდილიანობით ხასიათდება.

"ოფიციალური ვერსია იცით, რაც გამოქვეყნდა რუსეთის მიერ, რომ ეს ქალბატონი, რომელიც მუშაობდა ამ ინსტიტუტში, დაიღუპა დაუდგენელი გენეზის, არადიფერენცირებული გენეზის ფილტვების ანთებით. სხვადასხვა წყაროში წერია, რომ თითქოს ეჭვი მიიტანეს კორონავირუსზე და შესაბამისად, თითქოს მძიმე კოვიდით იყო გადაყვანილი საავადმყოფოში. ძალიან ბევრი წყარო ამბობს, რომ აქ იყო სწორედ ინჰალაციური, ანუ ფილტვისმიერი შავი ჭირი, რაც ძალიან მძიმე დაავადებაა.

შავი ჭირის დიდი უმრავლესობა გახლავთ ბუბონური... ბუბონური შავი ჭირი საკმაოდ კარგად ემორჩილება ანტიბიოტიკებით მკურნალობას და ადამიანები იკურნებიან. ბუბონური შავი ჭირის დროს სიკვდილიანობა 10%-ს არ სცილდება, ინჰალაციური, ანუ ფილტვისმიერი შავი ჭირის დროს კი ეს ადის ძალიან მაღლა და შეიძლება 100%-მდეც ავიდეს.

როგორც იცით, დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა იმის თაობაზე, რომ თითქოს მეორე შემთხვევაც არის გარდაცვალების, მაგრამ არავინ ადასტურებს, მით უმეტეს თვითონ რუსეთი არ ადასტურებს ამას.

აღნიშნულ ფაქტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აკვირდება, ასევე ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სხვადასხვა უსაფრთხოების სამსახური. ეს არის ბაქტერიული დაავადება და, რადგან ბაქტერიული დაავადებაა, ანტიბიოტიკოთერაპიას, განსაკუთრებით ტეტრაციკლინის ჯგუფს, ამინოგლიკოზიდების ჯგუფს, კარგად ემორჩილება, თუ ადრეულ ეტაპზე დაისვა დიაგნოზი და ადრეულ ეტაპზე დაიწყო მკურნალობა.

შავი ჭირის ენდემური კერები არსებობს ადამიანებშიც. შედარებით ბევრი შემთხვევაა აფრიკაში მადაგასკარსა და აფრიკის რიგ ქვეყნებში", — განაცხადა გამყრელიძემ.


რუსულ და საერთაშორისო მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია რუსეთში, ირკუტსკის ოლქში, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის შესახებ, რომელიც შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ იმსხვერპლა. საუბარია ბაქტერია Yersinia pestis-ზე, რომელიც მე-14 საუკუნის მომაკვდინებელი პანდემიის მიზეზი გახდა.

როგორც ცნობილია, 28 წლის დარია შიპილოვა საავადმყოფოში სექტემბრის მიწურულს გადაიყვანეს, ხოლო 2 ოქტომბერს იგი გარდაიცვალა. მის შემთხვევაში პნევმონიური ჭირი განვითარდა, რომელიც ინფექციის ერთ-ერთი ფორმაა. დანარჩენი ორია: ბუბონური და სეპტიკური, რომელთაგანაც ისტორიულ შავ ჭირთან უფრო მეტად პირველს აკავშირებენ.

რუსეთში შესაძლო შავი ჭირის არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს ყაზახეთმა, უზბეკეთმა და ყირგიზეთმა. აშშ-ს სახდეპმა კი მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან და ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ.

მეტი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო გავრცელებაზე: