პრორუსი ჟურნალისტი ნიკოლოზ მჟავანაძე ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე კომენტარს აკეთებს. მჟავანაძის თქმით სანქციები "სახუმარო არ ყოფილა".

"ეს არის ადამიანის განადგურება. თავიდან მეც იუმორით გავატარე ეს ყველაფერი. საიუმორო და სახუმარო არ არის ეს სანქცია. ფაქტობრივად, მე საქართველოში მოღვაწეობის უფლება წართმეული მაქვს. ანუ ადამიანს, რომელსაც სამსახური აქვს, ხელფასი უნდა აიღოს ან ფული უნდა ჩაურიცხოს ვიღაცამ — ვერცერთი ბანკი ვერ მომემსახურება საქართველოში," — ამბობს მჟავანაძე.

მჟავანაძე ვიდეომიმართვაში ყვება, რომ მას არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ სოციალურ ქსელებშიც შეუზღუდავენ წვდომას და მისი YouTube-არხი თავისი მონეტიზაციით მალევე გაქრება.

მჟავანაძემ ვიდეომიმართვის ბოლო ნაწილი მმართველი პარტიის კრიტიკას დაუთმო. მან მაგალითად მოიშველია ქართული ოცნების წარმომადგენლების კომენტარები სანქციების არაეფექტურობაზე და პრეტენზია გამოთქვა.

"მე მინდა ჩვენს ხელისუფლებას მივმართო: თავად რომ იწონებთ თავს, "ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და გავლენებისგან გავთავისუფლდითო". თქვენს მოქალაქეს დიდი ბრიტანეთი ასანქცირებს იმის გამო, რომ არ ჯდება იმ პოლიტიკაში. ესე იგი, საქართველოს ყველა ბანკი ექვემდებარება ბრიტანეთს? მე გეკითხებით: ჩვენ ვართ თუ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო?

დიდმა ბრიტანეთმა მთელი მოსახლეობა რომ დაასანქციროს, ესე იგი, ფული ვერ უნდა აიღოს ადამიანმა? თქვენ კარგად იცით, POSTV და "იმედი" დაასანქცირეს, მაგრამ ეს ორგანიზაციები დასანქცირდა და არა ინდივიდუალური პირები. იქ პერსონალიები არ დასანქცირებულან.

თქვენ ვისი ხელისუფლება ხართ? საქართველო დიდი ბრიტანეთის შტატი არის თუ რა არის? როგორ შეიძლება ადამიანები დაასანქცირონ და საქართველოში ბანკებმა აღასრულონ ბრიტანული კანონები? ესე იგი, ბრიტანეთს დაექვემდებარონ? ხვალ ბრიტანეთმა რომ მიიღოს გადაწყვეტილება, ცოცხლად დაწვით ქართველებიო, დაწვავთ? იმის გამო, რომ SWIFT-იდან გამოგრთავენ?“ — ამბობს მჟავანაძე.

შეგახსენებთ, 1-ელ ოქტომბერს დიდმა ბრიტანეთმა "რუსეთის სანქციების რეჟიმის" ფარგლებში, სანქცია დაუწესა 31 ფიზიკურ პირს, მათ შორის ნიკოლოზ მჟავანაძესაც.