რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების პატიმრი, დავით მინასოვის თქმით, მან ვენები პროტესტის ნიშნად დაისერა— რითაც სოლიდარობა გამოუცხადა პატიმარ გიორგი დავითაძეს, რომელიც, მისი მტკიცებით, თითის არეში აწამეს. ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.

როგორც პატიმარი აუდიოჩანაწერში აცხადებს, თვითდაზიანების შემდეგ მასთან ციხის უფროსის მოადგილე მივიდა, რომელმაც დავითაძის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის გამო მას უთხრა:
"მაგი თითის გაკეთების კი არა, მეტის ღირსიც იყოო".

მინასოვი ყვება, რომ დეესკალაციის ოთახში იმყოფებოდნენ ის პირებიც, ვინც გიორგი დავითაძეზე ძალადობდნენ. მისი თქმით, როდესაც პატიმრები პირველ სართულზე ჩაიყვანეს, იქ სპეცრაზმი დახვდათ, რომლებმაც ისინი "ძალიან მაგრად დალეწეს". პატიმრის განცხადებით, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდნენ ლაშა ჩაჩანიძე, ლევანი, ჭედია და თავად მინასოვიც.

ჩანაწერის თანახმად, ამ ძალადობაში შოთა ტრაპაიძე, მისი მოადგილეები და დაწესებულების სხვა თანამშრომლები სპეცრაზმთან ერთად პირდაპირ მონაწილეობდნენ.

"გიორგი დავითაძე, თითით რომ აწამეს, მაგასთან დაკავშირებით დავისერე ვენები — პროტესტი გამოვხატე. დაჩეხილ მდგომარეობაში რომ ვიყავი, შემოვიდა ციხის უფროსის მოადგილე და რომ მკითხა, რატომ ხარ ასეთი დაჩეხილიო, ვუთხარი სოლიდარობა რომ გამოვუცხადე გიორგის. ასე მითხრა, მაგი თითის გაკეთების კი არა, მეტის ღირსიც იყოო. დეესკალაციის ოთახში იყვნენ ისინიც, ვინც გიორგიზე ძალადობდნენ. პირველ სართულზე რომ მიგვიყვანეს, დაგვხვდა უკვე სპეცრაზმელი და ძალიან მაგრად დაგვლეწეს, როგორც მე, ისე ლაშა [ჩაჩანიძეც]. მე თვითონ ვუყურებდი, რომ ასევე დალეწეს ლევანი და ასევე, ჭედია. ამ ყველაფერში თავად მონაწილეობდნენ შოთა ტრაპაიძე და თავისი მოადგილეებიც და ყველა იქ მყოფი თანამშრომლები სპეცრაზმთან ერთად. მოადგილე დათო ვინც არის, მეუბნება, ამ ყველაფერს შენო შენს მეუღლეს ეტყვიო და თუ რომელიმე ტელევიზიაში ვნახე, ეს ყველაფერი, რაც შენ დაგემართაო და რაც ბიჭებს დაემართაო, ახლად ჩამოსულ კიბოიან დედას დავუჭერო... ვინც გიორგიზე ძალადობდა ყველა იყო იქ, ერთი ის თითს ვინც უკეთებდა ის ღორი არ იყო", — ამბობს დავით მინასოვი "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი დავითაძე, რომელიც რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს, აცხადებს, რომ დეესკალაციის ოთახში მასზე რამდენიმე ბადრაგმა სექსუალურად იძალადა. პენიტენციური სამსახური ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. უწყებამ 2 ოქტომბერს გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც მათი თქმით, გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში შეყვანაა ასახული. კადრებში ჩანს დავითაძის ძალით შემოწმება და ფიზიკური დაპირისპირება, თუმცა ჩანაწერს ხმა არ აქვს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ხოლო სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ამ ეტაპზე ფიზიკური ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ უნახავთ.

4 ოქტომბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ 21:12 საათზე რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა გიორგი დავითაძემ ადმინისტრაციის თანამშრომლისა და საკნის ვიდეოკამერის წინ გაურკვეველი მცირე ზომის საგანი დემონსტრაციულად გადაყლაპა. უწყების განცხადებით, მას ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგისთვის კლინიკა "ვივამედში" გადაყვანა შესთავაზეს, თუმცა დავითაძემ უარი განაცხადა. შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის 24-საათიან მონიტორინგს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი ახორციელებს.