"ასაწყობი სკოლების" ტენდერში გამარჯვებული კომპანია ცნობილია. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აგვისტოს ბოლოს გამოცხადებულ ტენდერში შპს ევრო პანელ ჯგუფმა გაიმარჯვა. წინადადება მხოლოდ ამ კომპანიას ჰქონდა წარდგენილი, მასთან 19,5 მლნ ლარის ღირებულების ხელშეკრულება მზადდება. სატენდერო პირობების მიხედვით კი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 22,5 მლნ ლარი იყო.

აღნიშნულმა კომპანიამ მოდულური სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო მოდულები ­— ე.წ. ასაწყობი სასკოლო ინფრასტრუქტურა უნდა უზრუნველყოს.

როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, მოდულური დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის შეძენის გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად მიიღეს.

"ინიციატივის მიზანია, ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროულად შეიქმნას უსაფრთხო, სრულად აღჭურვილი და სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი დროებითი სივრცეები, რათა სამშენებლო სამუშაოების გამო არ შეფერხდეს სასწავლო პროცესი და მაქსიმალურად შემცირდეს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანის საჭიროება", ­— განმარტეს მგფ-ში ტენდერის გამოცხადებისას.

მოდულური სკოლები წარმოადგენს ქარხნულად დამზადებული, სრულად აღჭურვილი და ტრანსპორტირებადი სასწავლო სივრცეებისგან აწყობილ სასკოლო კომპლექსებს, რომელთა ადგილზე მონტაჟი მოკლე დროშია შესაძლებელი. მათი გამოყენება დაგეგმილია იმ სკოლებში, სადაც ახალი შენობის მშენებლობის ან არსებულის რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროებითი სასწავლო სივრცის მოწყობა გახდება საჭირო.

მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებით, მოდულური სკოლების საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ დროებით სწავლა გააგრძელონ უშუალოდ სკოლის ტერიტორიაზე ან მასთან ახლოს, უსაფრთხო და სრულად აღჭურვილ გარემოში. ეს შეამცირებს მოსწავლეების სხვა სკოლებში გადაყვანისა და ყოველდღიური ტრანსპორტირების საჭიროებას და ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის უწყვეტობას.

რაც შეეხება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს ევრო პანელ ჯგუფი 2022 წელსაა დაფუძნებული. კომპანიას სამი მესაკუთრე ჰყავს: გიორგი ლოლუა (34%), არმენ ადამიანცი (33%) და გიორგი შოშიტაიშვილი (33%). გიორგი ლოლუას სახელს რამდენიმე კომპანია უკავშირდება, მათ შორის შპს გოლდ ვეი გრუპი, შპს ინვესტ ჰაბი, შპს კაპიტალ ფოინთი. ეს უკანასკნელი 2026 წლის გაზაფხულზეა დარეგისტრირებული და მისი მფლობელები შპს ევრო პანელ ჯგუფის მსგავსია.