ჯეკ ნიკოლსონის ცნობილი ნაჯახი, რომლითაც 1980 წლის საშინელებათა ფილმ The Shining-ში კარი შეამტვრია, აუქციონზე გაიყიდება. კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეკვიზიტის სავარაუდო ფასი $39000-დან $65000-მდე მერყეობს.

ნაჯახი ფილმის რეჟისორის, სტენლი კუბრიკის, პირადი არქივიდანაა. კუბრიკის ნივთების პირველ აუქციონზე ფილმის სხვა ცნობილი რეკვიზიტებიც გაიყიდება — მათ შორისაა ტყუპი დების ცისფერი კაბებიც, რომლებიც მსახიობებს სასტუმროს დერეფანში გადაღებულ ყველაზე დასამახსოვრებელ სცენაში აცვიათ.

აუქციონი 3 თებერვალს ლონდონში გაიმართება. მანამდე ნივთებს საჯარო გამოფენებზე ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესსა და პარიზში, 18 იანვრიდან კი ისევ ლონდონში წარმოადგენენ. ყველაზე ძვირადღირებული ნივთი, სავარაუდოდ, 2001: კოსმოსური ოდისეის ფინალური სცენიდან ე.წ. კოსმოსური ჩანასახის მოდელი იქნება. ექსპერტების ვარაუდით, მისი ფასი მილიონ დოლარს გადააჭარბებს.

საერთაშორისო სააუქციონო სახლ Bonhams-ის წარმომადგენელმა, კლერ ტოლ-მუარმა, რეკვიზიტის ასეთი მაღალი ფასი შემდეგნაირად ახსნა: "კინოს ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის ფინალური, იდუმალი კადრია. ის ევოლუციასა და ახალ დასაწყისს განასახიერებს. 2001: კოსმოსური ოდისეა არა მხოლოდ კუბრიკის საუკეთესო ნამუშევარი, არამედ კინემატოგრაფიის ნამდვილი შედევრია".

ფოტო: Bonhams

მისივე თქმით, აუქციონი ფანებს, კოლექციონერებსა და ისტორიკოსებს უნიკალურ შანსს აძლევს, კუბრიკის გამორჩეული კოლექციიდან ნივთების მფლობელები გახდნენ. დაგეგმილი გამოფენები კი საუკეთესო შესაძლებლობაა, დამთვალიერებლები ყველა დროის ყველაზე ცნობილ ფილმებს კიდევ უფრო ახლოს გაეცნონ.