ციხეში არსებული არაფორმალური მმართველობის გამო სადამკვირვებლო მისიები თუ სახალხო დამცველის აპარატი ვერ ახერხებენ პატიმრებისგან სრული ინფორმაციის მიღებას, — ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" მიერ მომზადებულ ანალიზშია აღნიშნული, რომელიც საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკას ეხება.

ანგარიშში საუბარია ბოლო პერიოდში აქტუალურ თემაზე — პენიტენციურ დაწესებულებებში დეესკალაციის ოთახებისა და სამარტოო საკნების გამოყენების პრაქტიკაზე. პენიტენციური დაწესებულების შინაგანაწესის თანახმად, პატიმარს დეესკალაციის ოთახში 72 საათით აყოვნებენ. ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მრავალჯერ ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც პატიმარს აღნიშნული ტიპის ოთახებსა თუ საკნებში 72 საათზე დიდხანს ტოვებენ, რაც პატიმრის უფლებების უხეში დარღვევაა.

აღნიშნულ პრობლემზე მრავალი პატიმარი საუბრობს. აქციებზე დაკავებული არჩილ მუსელიანცის ციხიდან გამოგზავნილი წერილში წერს, რომ პატიმრებს არაჰიგიენურ და მძიმე პირობებში ამყოფებენ. წერილი სრულად იხილეთ აქ.

რაც შეეხება პატიმრებისადმი არასათანადო მოპყრობას, ანგარიშში მოთხრობილია შემთხვევები, როდესაც ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლები პატიმრებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მას შემდეგ, რაც პატიმრები პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებდნენ ან სახალხო დამცველის აპარატისთვის მიმართვას ითხოვდნენ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენელს პატიმრისთვის ფურცელი და კალამი არ მიუცია, რათა საჩივარი არ დაეწერა, ან დისციპლინური სახდელის სახით სატელეფონო საუბრის უფლებას უზღუდავდნენ.

ანგარიშში მაგალითად ასევე მოყვანილია 2022 წლის შემთხვევა, როდესაც პატიმარი დეესკალაციის ოთახში ჩაიყვანეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ.

"2022 წლის ანგარიშში პრევენციის ეროვნული ცენტრი წერდა, რომ N6 დაწესებულების თანამშრომლებმა პატიმარი დეესკალაციის ოთახში ჩაიყვანეს არაპროპორციული ძალის გამოყენებით, გახადეს შარვალი და დაემუქრნენ გაუპატიურებით. მისივე თქმით, დეესკალაციის ოთახში ჩაყვანისას ხელები უკან ამოუტრიალეს და ყელში ხელი წაუჭირეს, რის გამოც მიიღო დაზიანებები.

პატიმრის განმარტებით, ამის შემდგომ მას შეხვდა ექიმი, თუმცა დაზიანებების დოკუმენტირება არ მოუხდენია. მიუხედავად იმისა, რომ აწუხებდა ასთმა, დეესკალაციის ოთახში არ მისცეს ექიმის მიერ დანიშნული ინჰალატორი და სუნთქვის გაძნელებისას უწევდა ყოველ ჯერზე დაწესებულების თანამშრომლებისთვის ეთხოვა მისი გადაცემა, რაც დროულად არ ხდებოდა და ამის გამო განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას," — ვკითხულობთ ანგარიშში.

ცნობისთვის, მსჯავრდებული გიორგი დავითაძეც რუსთავის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს. დავითაძე აცხადებს, რომ დეესკალაციის ოთახში მასზე რამდენიმე ბადრაგმა სექსუალურად იძალადა. პენიტენციური სამსახური ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

ორგანიზაციას მაგალითად ასევე მოჰყავს ევროპული კომიტეტის 2024-2025 წლების ანგარიში, რომლის თანახმადაც, დახურული ტიპის საპატიმროებში პატიმრები საკანში 23 საათს ატარებენ, ხოლო 1 საათს — სასეირნო სივრცეში, სადაც არ არის შექმნილი განტვირთვისა და სათანადო ფიზიკური ვარჯიშისთვის საჭირო პირობები.

ქართული ოცნების ბრძოლა "ნულოვან ტოლერანტობასთან"

ორგანიზაციის შეფასებით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლა მნიშვნელოვნად უკავშირდება წინა მთავრობის პერიოდში არსებულ ე.წ. "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკას. თუმცა, ორგანიზაციის შეფასებით, 14-წლიანმა მმართველობამ სისხლის სამართლის პოლიტიკაში არსებული პრობლემები კვლავ ვერ აღმოფხვრა.

ანგარიშის თანახმად, მსჯავრდებულთა რეკორდული რაოდენობა, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ტენდენციის ზრდა და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული პრობლემები ქართული ოცნების მიერ წინა ხელისუფლების პოლიტიკასთან ბრძოლას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.