8-9 ოქტომბერს, თურქმენეთში დაგეგმილ დსთ-ის სამიტზე რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ოფიციალური შეხვედრები არ იგეგმება, — ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ფაშინიანმა აღნიშნა, რომ გუშინ, 7 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა. პრემიერმინისტრმა დასძინა, რომ პუტინთან და ალიევთან შეხვედრები დაახლოებით ერთი თვის წინ გაიმართა, ხოლო თურქმენეთში დაგეგმილი სამიტის ფორმატი პირდაპირი კონტაქტის საშუალებას იძლევა.

"ოფიციალური შეხვედრები დაგეგმილი არ არის", — დააზუსტა სომხეთის პრემიერმინისტრმა და დასძინა, რომ ადრე ყოფილა შემთხვევები, როდესაც შეხვედრები ადგილზევე იგეგმებოდა, თუკი რაიმეს განხილვის საჭიროება წარმოიქმნებოდა.

გარდა ამისა, ფაშინიანი გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის და ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებას, რომლის თანახმადაც სომხეთისთვის ყველაზე დიდი საფრთხე "უკრაინიზაციაა".

"მქონია მედვედევთან მუშაობისა და ურთიერთობის შესაძლებლობა. რატომ ასეთი დაცინვა და მუქარა? იმავე ლოგიკით შეიძლება ითქვას, რომ საფრთხე რუსეთად გარდაქმნაშიცაა, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ფედერაციაში აფეთქებებს და სხვა მსგავს მოვლენებს. სომხეთი სომხეთია და სხვა რამედ არ გადაიქცევა. ის სულ უფრო სუვერენული სახელმწიფო გახდება", — განაცხადა ფაშინიანმა.