საქართველოს საპენსიო ფონდის ცნობით, 2026 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 778 ათასი ადამიანია.

დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 37,010 -მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 193,554,407.22 ლარი.

ფონდის მონაცემებით, სექტემბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამური საინვესტიციო სარგებელი 3.0 მილიარდ ლარს მიუახლოვდა.

"რაც შეეხება სექტემბრის თვეს, პორტფელების შედეგები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. საერთაშორისო სააქციო ბაზრებზე უარყოფითად აისახა ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდა, მაშინ როდესაც ადგილობრივმა ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებმა პორტფელების შედეგებზე დადებითი გავლენა მოახდინა. ამასთან, აშშ დოლართან მიმართებით ლარის დაახლოებით 0.28%-იანმა გამყარებამ უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივების ლარში გამოხატული შემოსავლიანობა შეამცირა.

შედეგად, სექტემბერში საუკეთესო შედეგი კონსერვატიულმა პორტფელმა აჩვენა და 0.37%-ით გაიზარდა. დაბალანსებული და დინამიკური პორტფელები, შესაბამისად, 0.11%-ით და 0.62%-ით შემცირდა. კონსერვატიულ პორტფელში აქციების შედარებით დაბალმა წილმა სააქციო ბაზრების შემცირების გავლენა შეზღუდა", — იტყობინება საპენსიო ფონდი.

რაც შეეხება 2026 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებს, ფონდის ცნობით, სამივე პორტფელმა დადებითი ნომინალური და რეალური შემოსავლიანობით დაასრულა. წლის დასაწყისიდან მიღებული შედეგებით კვლავ დინამიკური პორტფელი ლიდერობს.

2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში პორტფელების შემოსავლიანობა შემდეგი იყო:

  • დინამიკური პორტფელი: 8.87% (რეალური შემოსავლიანობა ინფლაციის გათვალისწინებით: 4.01%)
  • დაბალანსებული პორტფელი: 8.75% (რეალური: 3.90%)
  • კონსერვატიული პორტფელი: 8.46% (რეალური: 3.61%)