მსოფლიო ბაზარზე ნავთობი ძვირდება და ამჟამად ფასის 5%-იან ზრდას აჩვენებს. კერძოდ, "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 105 დოლარს აჭარბებს, ხოლო WTI-ის ნავთობის ფასი 92.78 დოლარია.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების პარალელურად, საწვავის ფასმა საქართველოშიც მოიმატა. ევრორეგულარის ფასი ამჟამად ბენზინგასამართ სადგურებზე 3.95-4.08 ლარს აღწევს, პრემიუმის ღირებულება 4.25-4.32 ლარამდეა, სუპერის ­— 4.40-4.60 ლარი, ხოლო დიზელის საწვავზე ფასი 4.93-5.07 ლარამდეა გაზრდილი.

საწვავის გაძვირების ფონზე, დღეს ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს გახარია საქართველოსთვის წევრმა, გიორგი შარაშიძემ კითხვით მიმართა.

როგორც შარაშიძემ იკითხა, თუ რამდენად შესაძლებლად მიაჩნია მთავრობას ინფლაციური წნეხის შესამცირებლად საწვავზე აქციზის გადასახადის დროებით შემცირება, რაზეც გიორგი კაკაურიძემ შემდეგნაირად უპასუხა:

"დავუშვათ, გავანახევრეთ ნავთობზე აქციზი, ამის ეფექტი იქნება 25 თეთრი, რომელიც შეიძლება ნავთობის ფასებზე მოხდეს ისეთი რაღაც, რომ ერთ დღეში შეიცვალოს. ანუ, სამწუხაროდ, არც აქციზით და არც სხვა მიმართულებებით არ გვაქვს ბერკეტი, საერთაშორისო ფასებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად შევცვალოთ [ვითარება]. თუ შევხედავთ ბოლო 6 თვის განმავლობაში შეცვლილ ფასებს, ჩვენი თუნდაც განახევრება აქციზის რეალურ შედეგს ვერ მოგვცემს, რომ ბენზინის და დიზელის ფასი დავუბრუნოთ თუნდაც 6 თვის წინანდელ მაჩვენებელს. ამის გამო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გაურკვევლობა, რაც არის ნავთობთან მიმართებით, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე მსოფლიო ბაზარზე, ეტაპობრივად დამშვიდდეს და ამით დარეგულირდეს ნავთობის ფასები", — განაცხადამინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვენახევარში საქართველოში საწვავი დაახლოებით 25-56 თეთრის ფარგლებშია გაძვირებული.