პოლიტიკურ პლატფორმა ჯერ საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიქტორ ყიფიანმა 7 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე პრემიერ კობახიძის ანგარიში "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს შეადარა და თქვა, რომ მისი "დაშლა-არ მოშლის სადღეგრძელო" შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ "ბატონი კობახიძე გვემშვიდობება". ამის შესახებ ვიქტორ ყიფიანმა "პალიტრანიუსის" ეთერში თქვა.

ყიფიანი ასევე აღნიშნავს, რომ 1-ელ ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა პირველად არ მიმართა საზოგადოებას და ვარაუდობს, რომ თუ კობახიძის ჩანაცვლება იგეგმება, ეს შესაძლოა მხოლოდ პრემიერის შეცვლას არ ნიშნავდეს და ქართულ ოცნებაში უფრო მნიშვნელოვან ცვლილებებზე მიუთითებდეს.

"როდესაც ირაკლი კობახიძის ანგარიშს ვეცნობოდი, უნებლიედ დამებადა შეგრძნება, რომ სუფრაზე ვიჯექი და თამადა ტკბილი მოგონებების და დაშლა-არ მოშლის სადღეგრძელოს სვამდა.

მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის გვითქვამს, მთლიანად არქიტექტურა ისე არის მოწყობილი, რომ თითქოსდა ასეთი სახეების ჩანაცვლება დიდად არაფერს არ ნიშნავს და სისტემა ისეა აგებული, რომ ყველას ერთი წოდება აქვს — ფოსტალიონის, ანუ ამბის მიმტანის, უბრალოდ ზოგი მაღალი კვალიფიკაციის ფოსტალიონია, ზოგი საშუალო და ზოგიც დაბალი. საქართველოს პრემიერმინისტრი ამ სისტემაში მაღალი კვალიფიკაციის არის, მაგრამ არც მეტი და არც ნაკლები, ფოსტალიონია, ამიტომ თითქოსდა რა იცვლება ამით, რომ ერთი საფოსტალიონო ფუნქცია ჩანაცვლდება მეორე ინდივიდით, რომელიც იმავე ფუნქციას შეასრულებს, თუმცა, გარკვეულ ნიუანსებს მაინც აქვს მნიშვნელობა.

თუ მისი "დაშლა-არ მოშლის სადღეგრძელო" ნიშნავს იმას, რომ ბატონი კობახიძე გვემშვიდობება, ეს არ არის ხელწამოსაკრავი ამბავი იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, ბატონ კობახიძეს ახასიათებს გარკვეული უარყოფითი აურა, რომელიც უკვე ამ ორი წლის გადმოსახედიდან ქართული ოცნებისთვის სასარგებლოდ არ მოქმედებს. მან საკმაოდ ბევრი წინააღმდეგობრივი, მცდარი და უარყოფითი გადაწყვეტილებები საკუთარ თავზე აიღო, ამიტომ თუ ეს ნიშნავს იმას, რომ ეს მემკვიდრეობა გარკვეულწილად იქნეს გადაშლილი, მე მაინც უყურადღებოდ არ მოვეკიდებოდი ამას.

1-ელ ოქტომბერს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პარტიის საპატიო თავმჯდომარემ საგანგებოდ არ მიმართა საზოგადოებას და მენიშნა, ხომ არ არის ეს რაიმე უფრო მეტის მომასწავებელი. საპატიო თავმჯდომარე [ბიძინა ივანიშვილი] მეტწილად არის ინდივიდუალური მოთამაშე, ამიტომ მას ხშირად სჩვევია ასეთი ჩანაცვლებები ფართო გუნდური ინტერესების გაუთვალისწინებლად, ამიტომ თუ ასეთი ჩანაცვლება მოხდება, რომ ქართული ოცნებისათვის არცთუ უსახო ფიგურა, როგორიც არის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სხვა პრემიერ-მინისტრით ჩანაცვლდება, ხომ არ არის ეს არა უბრალოდ პრემიერის ჩანაცვლება, არამედ რაღაც განსხვავებულის მომასწავებელი", — განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ 7 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე წაიკითხეთ აქ: