ევროპარლამენტმა საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა. მას მხარი 445-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 37 კი წინააღმდეგი წავიდა.

კენჭისყრა ცოტა ხნის წინ ჩატარდა.

საქართველოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის ექვსი პროექტი მომზადდა, რაზეც ევროპარლამენტარებმა გუშინდელ სხდომაზე იმსჯელეს, ხოლო შეთანხმებულ დოკუმენტზე კენჭისყრა დღეს ჩატარდა.

ხუთი პოლიტიკური ჯგუფის მიერ შეთანხმებულ რეზოლუციის ერთობლივ პროექტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ქართული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და მათ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ გატანას მოითხოვს.

ცნობისთვის, გუშინ აღნიშნულ საკითხზე ევროპარლამენტში გამართული დებატებისას, ევროპარლამენტარების ნაწილმა ქართული ოცნების აღნიშნული გადაწყვეტილება დაგმო და პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვა.