ევროკავშირმა ერთი წლის ვადით გაახანგრძლივა სანქციები იმ ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საზღვარგარეთ რუსეთის დესტაბილიზაციურ ქმედებებზე. აღნიშნულ სიაშია რუსეთის პროპაგანდისტი თინა კანდელაკიც.

"თინათინ კანდელაკი არის რუსი ჟურნალისტი, რომელიც დასაქმებულია სახელმწიფო კომპანია "გაზპრომ-მედიაში" და საზოგადო მოღვაწე, რომელიც საჯარო სივრცეში თავის პოპულარობასა და გავლენას რუსული პროპაგანდის გაჟღერებისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესიული ომის გამართლებისთვის იყენებს.

თინათინ კანდელაკი პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაციის მთავრობის იმ ქმედებებსა თუ პოლიტიკაზე, რომლებიც კოორდინირებული ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის დაგეგმვის, წარმართვის, მათში მონაწილეობის, პირდაპირი თუ ირიბი მხარდაჭერის ან სხვაგვარად ხელშეწყობის გზით ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სტაბილურობასა თუ უსაფრთხოებას ევროკავშირში, მის ერთ ან რამდენიმე წევრ სახელმწიფოში, საერთაშორისო ორგანიზაციასა თუ მესამე ქვეყანაში, ან ძირს უთხრის და საფრთხეს უქმნის სუვერენიტეტსა თუ დამოუკიდებლობას ევროკავშირის ერთ ან რამდენიმე წევრ სახელმწიფოსა თუ მესამე ქვეყანაში," — ვკითხულობთ დოკუმენტში.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ შეზღუდვითი ღონისძიებების გაგრძელების გადაწყვეტილება "რუსეთის მხრიდან გაძლიერებული ჰიბრიდული საქმიანობის გამო" მიიღეს, კერძოდ, ინფორმაციით მანიპულირებისა და ევროკავშირის, მისი წევრი ქვეყნებისა და პარტნიორების საქმეებში ჩარევის გამო.

სანქციები, რომლებიც თავდაპირველად 2024 წლის 8 ოქტომბერს დაწესდა, 2027 წლის 9 ოქტომბრამდე გაგრძელდა და 80 ფიზიკურ პირსა და 20 ორგანიზაციას ეხება. აღნიშნულ პირებს გაეყინათ აქტივები, ხოლო ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს აეკრძალათ მათთვის სახსრების, ფინანსური აქტივების ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება. გარდა ამისა, ფიზიკურ პირებს აეკრძალათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან ტრანზიტით გადაადგილება.

სამი დღით ადრე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების, დივერსიის მცდელობებისა და საჰაერო სივრცის დარღვევების ზრდა აღნიშნა. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ჰიბრიდული თავდასხმებით რუსეთი მთელ ევროპაში ადამიანების სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებს.