OC Media-ს ინფორმაციით, პანკისის ხეობაში სამმა საგანმანათლებლო ცენტრმა ფუნქციონირება მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მათ უკან მდგომ ორგანიზაციას დაფინანსება შეუჩერდა. ამ დროისთვის ორი ცენტრი შენობებიდან გამოსახლებულია. მათ შენობები ახმეტის მუნიციპალიტეტისგან იჯარით ჰქონდათ აღებული.

ჯოყოლოს, დუისისა და ქორეთის ცენტრებს კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი (KRDF) მართავდა. KRDF ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც პანკისის ხეობაში 2008 წლიდან საქმიანობს.

ორგანიზაციის განცხადებით, დაფინანსება გრანტების შესახებ კანონის მიღების შემდეგ შეჩერდა. სამმა ცენტრმა საგანმანათლებლო საქმიანობა დონორთა დაფინანსების შეჩერების გამო 28 თებერვალს შეწყვიტა.

შენობები ახმეტის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და KRDF-ს იჯარით ჰქონდა აღებული. ორგანიზაცია აცხადებს, რომ მან სთხოვა მუნიციპალიტეტს იჯარის გაგრძელება, სანამ დაფინანსების შესაძლებლობების დაბრუნებას ელოდებოდა, თუმცა საბოლოოდ შენობების დაცლა დაევალა.

KRDF ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს (NRC) მხარდაჭერით შეიქმნა. წლების განმავლობაში KRDF ასევე იყო გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) პარტნიორი ორგანიზაცია პანკისის ხეობაში.

ორგანიზაციის საქმიანობა მოიცავდა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და განათლებას, ლტოლვილთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და სოციალურად დაუცველ ჯგუფთა ინტერესების დაცვას (ადვოკატირებას), ინტეგრაციას, გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მხარდაჭერასა და არაფორმალურ და პროფესიულ განათლებას.

KRDF-ის ხელმძღვანელმა იზა ბექაურმა OC Media-ს განუცხადა, რომ დაფინანსების დაკარგვის მიუხედავად, ორგანიზაცია აგრძელებდა მუნიციპალურ შენობებში დარჩენაზე თხოვნას.

"არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის შემზღუდავი კანონების გამო, დაფინანსების შეჩერებამ ჩვენზეც იმოქმედა. მაგრამ მაინც ვთხოვეთ შენობაში დარჩენა, რადგან ვფიქრობდით, რომ შესაძლოა რამე შეცვლილიყო და შეგვძლებოდა საქმიანობის გაგრძელება,"— განაცხადა ბექაურმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწავლის შეჩერება მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობა არ ყოფილა და ეს დაფინანსების დაკარგვამ გამოიწვია.

თუმცა, მისი თქმით, KRDF-მა მუნიციპალიტეტისგან იჯარის გაგრძელებაზე უარის მიღების შემდეგ,მან ზეპირსიტყვიერად ითხოვა დამატებითი ერთი თვე, რათა ორგანიზაციას ჰქონოდა დრო, ეხილა, შეიცვლებოდა თუ არა მისი ვითარება.

ბექაურმა თქვა, რომ ორგანიზაციამ შემდგომში მიიღო ოფიციალური წერილი ორი შენობის, ჯოყოლოსა და ქორეთში, დაცლის მითითებით და იძულებული გახდა, პროცესი დაეწყო.

წლების განმაავლობაში ცენტრები სთავაზობდნენ პროგრამებს სხვადასხვა ასაკის ადამიანებს — მეორე კლასის მოსწავლეებიდან დაწყებული, 65 წლის უფროსებით დამთავრებული.

"სხვადასხვა პროგრამა გქვონდა. იწყებოდა მეორე კლასის ბავშვებით და მიდიოდა 65 წლის ადამიანებამდე. იყო საგანმანათლებლო პროგრამები სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, ასევე პროფესიული განათლება ქალებისთვის," — განაცხადა ბექაურმა.

ცენტრები ასევე ატარებდნენ ტრენინგებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა პროექტების წერა, ბუღალტერია, საგადასახადო დეკლარაციები, ბიზნესის მართვა და სხვა. KRDF სხვადასხვა დონორების მეშვეობით ბიზნეს გრანტებსაც გასცემდა.

ბექაურის თქმით, სამი ცენტრი ყოველწლიურად დაახლოებით 600 სტუდენტს ემსახურებოდა, ხოლო ორგანიზაციის უფრო ფართო პროგრამები წელიწადში 1 000-მდე ადამიანს წვდებოდა.

KRDF-მა პირველი ცენტრი დუისში 2008 წელს გახსნა, შემდეგ ჯოყოლო 2014 წელს, ხოლო მოგვიანებით — ქორეთი.

წლების განმავლობაში ორგანიზაციის დონორებს შორის იყვნენ UNHCR, UN Women, გაეროს სხვა სააგენტოები, სხვადასხვა საელჩოები და, ბოლო წლებში, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (Sida), რომელიც მხარს უჭერდა მის ახალგაზრდულ პროგრამებს.

ლუიზა მუთოშვილი, ისტორიის მასწავლებელი ჯოყოლოდან, ცენტრში 2013–2014 წლებიდან მუშაობს.

მისი თქმით, ცენტრმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალგაზრდების მომზადებაში საქართველოს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის.

"15 წელზე მეტია, პანკისის ხეობიდან არცერთ აბიტურიენტს არ დასჭირვებია კერძო რეპეტიტორისთვის თანხის გადახდა. 10-დან 9 ბავშვი უმაღლეს სასწავლებელში ირიცხება," — განუცხადა მუთოშვილმა OC Media-ს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ცენტრები პანკისელ ახალგაზრდებს აძლევდა შესაძლებლობას, შეხვედროდნენ ბავშვებს საქართველოს სხვა ნაწილებიდან ევროკავშირისა და სხვა დასავლური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მეშვეობით.

მუთოშვილმა თქვა, რომ ეს პროგრამები დაეხმარა სტერეოტიპების მსხვრევასა და ხეობაში ახალგაზრდების იზოლაციის შემცირებას.

"ეს ცენტრები მხოლოდ ბავშვების ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების საშუალება არ ყოფილა. გვქონდა სხვადასხვა საგნები და პროფესიული კურსები, ასევე მრავალი სხვადასხვა სახის ტრენინგი, რაც ახალგაზრდებს განვითარების შესაძლებლობას აძლევდა," — განაცხადა მან.

პროფესიულ პროგრამებში კერვა, თექის დამუშავება, კულინარია, საექთნო საქმე და ბუღალტერია შედიოდა.

მუთოშვილმა დასძინა, რომ ცენტრები ასევე ახორციელებდნენ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და პანკისელი და საქართველოს სხვა კუთხის ახალგაზრდების დაახლოებას.

ხეობა ძირითადად ქისტებით არის დასახლებული. მან გაიხსენა, რომ ბავშვობაში თითქმის არანაირი კონტაქტი არ ჰქონდა ეთნიკურად ქართველ ბავშვებთან, რომლებიც ხეობაში თუ მის ფარგლებს გარეთ ცხოვრობდნენ.

"ჩემმა ბავშვობამ ხეობაში ისე გაიარა, რომ არანაირი კონტაქტი არ მქონია ახმეტაში ან თელავში მცხოვრებ ბავშვებთან, ან თუნდაც უშუალოდ პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქართველებთან," — თქვა მან.

მან ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული მას შემდეგ შეიცვალა, რაც უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც სხვა თემების სტუდენტები გაიცნო.

პროგრამებმა ასევე პანკისელი ბავშვები საქართველოს სხვა რეგიონების შეახვედრა, მათ შორის გურიის ახალგაზრდებს. მუთოშვილის თქმით, პროექტებში მონაწილეობის მიღებიდან წლების შემდეგაც კი, ბევრ მათგანს შეუნარჩუნდა მეგობრობა.

მუთოშვილმა სკოლა 2007 წელს დაამთავრა — დაახლოებით იმ დროს, როდესაც საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყებოდა. მუთოშვილმა OC Media-თან საუბრისას თქვა, რომ მის ოჯახს არ ჰქონდა კერძო რეპეტიტორების შესაძლებლობა, ხოლო მხოლოდ სასკოლო განათლება არ იყო საკმარისი გამოცდებისთვის მოსამზადებლად.

"ეს ორგანიზაცია ჩემთვის და ასობით სტუდენტისთვის შესაძლებლობა გახდა, ვისაც უმაღლესი განათლების მიღება სურდა, რომ აგვესრულებინა ჩვენი სურვილები და ოცნებები," — განაცხადა მან.

მან დასძინა, რომ ორგანიზაცია მოგვიანებით გაფართოვდა აბიტურიენტების საგანმანათლებლო პროგრამების მიღმაც და დაამატა პროფესიული კურსები და ახალგაზრდების განვითარების პროექტები, რომლებიც დაფინანსებული იყო საელჩოებისა და სხვა დონორების მიერ.

მუთოშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაციამ შეავსო ის ხარვეზები, რომელთა დაფარვაც სახელმწიფომ ვერ შეძლო.

"რასაც სახელმწიფო ვერ ფარავს, ფარავენ ასეთი ორგანიზაციები," — თქვა მან.

მუთოშვილის თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში KRDF-ის მსგავსი ორგანიზაციების წვლილი ხეობისთვის უფრო დიდი იყო, ვიდრე სახელმწიფოსი.