2024 წლის 8 ოქტომბერს გამოცემა "ბათუმელებმა" ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ცეკვის მასწავლებლის მხრიდან მომხდარი ძალადობის ფაქტზე ინფორმაცია გაავრცელა. ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის მოსწავლეზე გაკვეთილის განმავლობაში ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად მრავალჯერ იძალადა. გამოცემამ ძალადობის ამსახველი კადრებიც გაავრცელა, რომლებიც სასახლის ვიდეოკამერებიდან არის ამოღებული.

კადრებში ჩანს, თუ როგორ ცდილობს მასწავლებლის ცოლი ბავშვის განარიდებას, თუმცა საბოლოოდ მასწავლებელი ცოლსაც წიხლს ურტყამს. "ბათუმელების" ცნობით, ცოლი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში არ მუშაობდა. ის მეუღლეს გაკვეთილების დროს "ეხმარებოდა".

შემთხვევის შესახებ პირველად მოსწავლის ბიცოლამ გაიგო. გაკვეთილის შემდეგ ბიცოლას ბავშვი ატირებული დახვდა და უთხრა, რომ მასწავლებელმა სცემა. არასრულწლოვანს სხეულზე დაზიანების კვალიც ეტყობოდა.

მეორე დღეს, როდესაც ბავშვის დედა და ბიცოლა მასწავლებელთან დასალაპარაკებლად მივიდნენ, ის აგრესიულ შეტევაზე გადავიდა, რის გამოც დიალოგიც კი ვერ შედგა. ამის შემდეგ მან ქალებისკენ ხელი გაიწია, რა დროსაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას. დაპირისპირების შემსწრე თანამშრომლებმა სიტუაციის განსახტად პოლიცია გამოიძახეს. მასწავლებელმა ბავშვის მშობლები ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა და ჩივილით დაემუქრა.

აღნიშნული მასწავლებელი ჩივილით მას შემდეგაც დაემუქრა დაწესებულებას, რაც ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. 2024 წლის 9 ოქტომბერს პროკურატურამ მომხდარზე მასწავლებელს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარუდგინა, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა არასრულწლოვნის ცემაში ბრალდებულ პედაგოგს 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა და საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენა. ამის შემდეგ საქმე განსახილველად ნინო სახელაშვილს გადაეცა.

"ბათუმელების" ცნობით, მოსამართლე სახელაშვილს უკვე 2 წელია აღნიშნული საქმე თაროზე აქვს შემოდებული. ბავშვის მამა გამოცემასთან საუბარში აცხადებს, რომ ცეკვის მასწავლებელი პედაგოგიურ საქმიანობას კვლავ აგრძელებს. მამის ინფორმაციით, ადვოკატი პერიოდულად ეხმიანება მოსამართლის თანაშემწეს კითხვით, თუ როდის დაიწყებს მოსამართლე საქმის არსებით განხილვას, თუმცა ის სხვადასხვა მიზეზს ასახელებს, როგორიცაა "ბევრი საქმე აწერია, ახლახან კი ქორწილი ჰქონია მოსამართლეს და არ ეცალაო".

ვინ არის ნინო სახელაშვილი?

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მან გამოცემა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" თანადამფუძნებელსა და რედაქტორს, მზია ამაღლობელს, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო 2 წლით პატიმრობა შეუფარდა.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვის პერიოდში "ბათუმელებმა" აღმოაჩინა, რომ ნინო სახელაშვილი უვადო მოსამართლედ გაამწესეს. სახელაშვილი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გამოსაცდელი, 3-წლიანი ვადით 2022 წლის 10 მარტიდან დაინიშნა.

გამოცემის ცნობით, ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.