აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქციების სიებიდან 125 ფიზიკური და იურიდიული პირი ამოიღო, თუმცა ამ პირთა სიაში არ მოხვდა ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც OFAC-მა 2024 წლის 27 დეკემბერს დაასანქცირა და სპეციალურად დასახელებულ პირთა სიაში (SDN List) შეიყვანა.

ეს გადაწყვეტილება აშშ-ის ეკონომიკურ, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მიმდინარე პრიორიტეტებს შეესაბამება, წერს სახაზინო დეპარტამენტი გავრცელებულ განცხადებაში. ამასთან, OFAC-მა სიაში 22 ჩანაწერი განაახლა, რათა სანქციებთან შესაბამისობის შემოწმების პროცესი გაემარტივებინა და გაეუმჯობესებინა.

სიიდან ამოღებულთა შორის არიან გარდაცვლილი პირები და ლიკვიდირებული კომპანიები.

როგორც სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა სკოტ ბესენტმა აღნიშნა, სანქციების მოდერნიზაციის მიზანია, აშშ-ის სანქციები იყოს მიზნობრივი, ეფექტიანი და შესაბამისობაში მოდიოდეს ქვეყნის ეკონომიკურ, საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებთან.

"ტრამპის ადმინისტრაცია სანქციების წარმატებას მათი ეფექტის, გავლენისა და სარგებლის მიხედვით აფასებს და არა მხოლოდ იმის მიხედვით, თუ რამდენ სახელს შეიტანს სახაზინო დეპარტამენტი სიაში.

დღევანდელი გადაწყვეტილება უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, რომლის მიზანიც სანქციების სისტემის გამარტივება, მისი ეფექტიანობისა და შედეგიანობის გაზრდაა. ეს მოიცავს იმ სანქციური პროგრამების გადახედვასაც, რომლებიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებს აღარ ემსახურება", — წერს სახაზინო დეპარტამენტი.