საქართველოს პროკურატურამ ეროვნული ბანკის წერილის საფუძველზე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სებ-ის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილს.

"შპს "ბიტექსჩეინჯის" ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.

გასათვალისწინებელია, რომ "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს არა აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება, ასევე "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს და მისი ოჯახის წევრებს არა აქვთ უფლება, იყვნენ საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის პარტნიორი.

ამდენად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო უკანონო მონაწილეობის გარემოებების შესწავლა და გამოძიების შედეგების შესახებ, საზოგადოებას ეცნობება დამატებით", — წერია პროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის, ნანა ყეინიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია 2023 წლის სექტემბრიდან. მისი ვადა 2030 წლის სექტემბერში იწურება. მანამდე ის იყო სხვადასხვა კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი, 2012-2016 წლებში კი, საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ხოლო 2001-2012 წლებში — საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი.

რაც შეეხება მის სამეწარმეო საქმიანობას, მისი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნანა ყეინიშვილი რამდენიმე კომპანიაში ფლობს წილებს. კერძოდ, 100%-იანი წილები აქვს შპს "დანიელი 2022"-ში, შპს "მწვანე ენერგიის ჯგუფსა" და შპს "სადმელი ჰესში". ამასთან, ყეინიშვილი ფლობს შპს "იუნაითიდ ფაუერ ენერჯის" 30%-სა და შპს "ნათმეტალის" 1%-ს. აღნიშნული წილების მართვის უფლებამოსილება ნათია ლოლაძეს აქვს მინიჭებული.