დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს "ბიტექსჩეინჯის" ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე, სებ-ის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილის მიერ სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საქმეზე განცხადება გაავრცელა საქართველოს ეროვნულმა ბანკმაც. სებ-ი აცხადებს, რომ მასალები გადაეცა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოებს, ხოლო გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში ეროვნული ბანკის საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს ნანა ყეინიშვილის დროებით აცილების საკითხს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომებიდან.

ამის პარალელურად პროსამთავრობო ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა ფარული ჩანაწერი, სადაც მათი თქმით, "ნანა ყეინიშვილი წილებზე ვაჭრობს". მათივე ცნობით, ეროვნულმა ბანკმა კონკრეტული კომპანიის შემოწმება დაიწყო, რაც გაიგო ყეინიშვილმა და კომპანიის დირექტორს შესთავაზა მისთვის წილი მიეცა, ის კი საკითხს მოაგვარებდა.

ვინ ფიგურირებს ფარულ ჩანაწერში და რაზე საუბრობენ?

აუდიოჩანაწერის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი "ბიტექსჩეინჯის" დირექტორ დავით ორჯონიკიძეს კომპანიაში წილების ჯერ 50%/50%-ზე გადანაწილებას, შემდეგ 51%/49%-ზე და ლიცენზიის ცვლილების საკითხზე ესაუბრება. ყეინიშვილი მოსაუბრეს სთავაზობს, წილის პროცენტის გაზრდის ნაცვლად ან მასთან ერთად, აპარატების რაოდენობა სწრაფად გაზარდონ, რათა კონკურენტების ხარჯზე გააფართოონ ბიზნესი. მისი ლოგიკით, რაოდენობის ზრდამ შესაძლოა, საბოლოოდ, უფრო მეტი სარგებელი მოიტანოს, ვიდრე მხოლოდ წილის პროცენტის გაზრდამ.

ორჯონიკიძე განმარტავს, როგორ ნაწილდება კომპანიებს შორის კრიპტომატები და როგორ გამოითვლება წილი საერთო ბიზნესში. მაგალითად, თუ ერთ კომპანიას კრიპტომატების საერთო რაოდენობის ნახევარი ეკუთვნის, ხოლო სხვა კომპანიასაც თავისი წილი აქვს, ცალკეულ კომპანიაში 50%-იანი წილი მთლიანი ბიზნესის მხოლოდ 25%-ს შეიძლება შეადგენდეს. ყეინიშვილის შეთავაზებას, რომ ბიზნესი აგრესიულად გააფართოონ და კონკურენტებს აპარატების რაოდენობით აჯობონ, ის მოკლე თანხმობით პასუხობს: "დიახ", "შეიძლება".