რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო ქსელის "რიბარის" ხელმძღვანელი, მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დღეს, 9 ოქტომბერს რამდენიმე თანამშრომელთან ერთად დააკავეს. სპეცოპერაცია ქალაქ რისანში ჩატარდა. დაკავებულებს შორის არიან პროპაგანდისტის ცოლი და კოლეგა, ვალერია ზვინჩუკი და კიდევ სამი პირი.

ზვინჩუკი დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულია, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა იგი იმ პირთა სიაში შეიყვანა, რომლებიც აშშ-ის საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ მავნე ოპერაციებში მონაწილეობენ.

ამასთან, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ზვინჩუკი "რიბარის" თანამფლობელად და გენერალურ დირექტორად დაასახელა და დაადასტურა, რომ ეს ქსელი ნაწილობრივ კოორდინირებულია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, ფინანსდება სახელმწიფო კორპორაცია "როსტექის" მიერ და თანამშრომლობს რუსულ სპეცსამსახურებთან.