ძლიერი საქართველო-ლელოს რუსთავის საკრებულოს წევრმა ნინო სულაძემ მერს ოფიციალურად მიმართა მოთხოვნით, 2027 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საჯარო სკოლების I-IV კლასების მოსწავლეებისთვის უფასო კვების პროგრამა გაითვალისწინოს.

"სრულფასოვანი კვება ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარების აუცილებელი პირობაა. არც ერთი ბავშვი არ უნდა იყის გაკვეთილებზე მშიერი. პროგრამის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ოჯახების მხარდასაჭერად, რომლებისთვისაც ბავშვის ყოველდღიური სრულფასოვანი კვების უზრუნველყოფა ფინანსურ სირთულეს წარმოადგენს", — ამბობს ნინო სულაძე.

ცნობისთვის, ძლიერმა საქართველო - ლელომ აღნიშნული ინიციატივა 2026 წლის ბიუჯეტის განხილვის დროსაც დააყენა, თუმცა ის გათვალისწინებული არ ყოფილა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, რუსთავის საჯარო სკოლების I-IV კლასებში, არსებული მონაცემებით, 7 106 მოსწავლე სწავლობს, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს კი აქვს შესაძლებლობა, ეს მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამა დააფინანსოს.

"საჭიროა პოლიტიკური ნების გამოვლენა და საბიუჯეტო პრიორიტეტების ისე განსაზღვრა, რომ ბავშვებისთვის უფასო კვების უზრუნველყოფა რეალურ საქმედ იქცეს", — აცხადებენ პარტიაში.