პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის მიმართ გამოძიების დეტალებში ვერ შევა, თუმცა, მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უნდა დაესვას კითხვა, თუ როგორ შეარჩია ის სებ-ის საბჭოს წევრად.

"ეს მას [სალომე ზურაბიშვილს] უნდა ჰკითხოთ, როგორ შეარჩია და როგორ იყო კანდიდატურები წარმოდგენილი, ეს მისი პასუხისმგებლობაა. თუმცა, მნიშვნელოვანია პარლამენტიც, ამ შემთხვევაში, დეტალურად გარკვეულიყო, რაც ეხება წევრების არჩევას. დანარჩენზე თვითონ სალომე ზურაბიშვილმა უნდა გიპასუხოთ. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო რეაგირებს ამ საკითხზე", — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება გამოძიებას, პაპუაშვილის თქმით, საჭიროა დაველოდოთ შედეგს.

"რაც მოვისმინეთ, როგორც ჩანს, არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ეს საკითხი უფრო დეტალურად იქნას გამოკვლეული, ამიტომ გამოძიების საკითხია და დაველოდოთ გამოძიების შედეგს", — დასძინა მან.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, "შპს "ბიტექსჩეინჯის" ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე".

აღსანიშნავია, რომ ნანა ყეინიშვილის კანდიდატურა თეიმურაზ ხომერიკთან ერთად, 2023 წელს სალომე ზურაბიშვილმა მართლაც წარუდგინა პარლამენტს, მაგრამ მალევე განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად მის მიერ შერჩეული კანდიდატების წარდგენაზე უარს ამბობდა. მიზეზად ეროვნული ბანკის ირგვლივ მაშინ შექმნილი სიტუაცია დაასახელა.

თუმცა, რადგან კანდიდატურები უკვე წარდგენილი იყო და მათი უკან გაწვევის მექანიზმს კანონი არ ითვალისწინებდა, და თან, კანდიდატურების ჩაგდებას შეიძლება სებ-ში კრიზისი შეექმნა, საპარლამენტო უმრავლესობა შეჯერდა, რომ ორივე კანდიდატურისთვის დაეჭირა მხარი. შედეგად, ნანა ყეინიშვილი 2023 წლიდან სებ-ის საბჭოს წევრია.