5 ოქტომბერს ტოკიოში ძილის კონკურსი გაიმართა, რომლის გამარჯვებულმაც პრიზად ¥2,22 მილიონი ($14 000) მიიღო. ამოცანა 90-წუთიანი კონკურსის დროს ყველაზე სწრაფი, ღრმა და სტაბილური ძილი იყო.

შეჯიბრება ტვინის ტალღების მონიტორინგის მოწყობილობით 3 ფაქტორს ზომავდა: რამდენ ხანში ჩაეძინა მონაწილეს, რამდენად ღრმად და სტაბილურად ეძინა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით კი ყველა მონაწილეს სხვადასხვა ქულა ენიჭებოდა. ის, ვინც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა, კონკურსის გამარჯვებული გახდა.

რაც შეეხება კონკურსის პრიზს, 2,22 მილიონი, ერთი შეხედვით, უჩვეულოდ კონკრეტული რიცხვია, თუმცა ამას თავისი მიზეზი აქვს. ჯილდოს ოდენობის შთაგონება ძილის სიმბოლოებიდან — Zzz-დან აიღეს, Z-ს კი ხშირად ციფრ 2-საც ამსგავსებენ.

ფოტო: France 24

კონკურსი თეთრეულის კომპანია Koala Mattress-მა მოაწყო. ორგანიზატორების თქმით, მათი მთავარი მიზანი იყო, რომ ამ სახალისო გზით ხალხი ძილზე უფრო სერიოზულად დაეფიქრებინათ. როგორც ცნობილია, იაპონია ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ძილის საშუალო ხანგრძლივობა ყველაზე მოკლეა.

თავად კონკურსი კი ასე განვითარდა: შეჯიბრების დაწყებამდე დარბაზში განათებებს დაუწიეს და ჩამწკრივებულ საწოლებში მოთავსებულ მონაწილეებს მშვიდობიანი ღამე უსურვეს. ზოგიერთ მათგანს მაშინვე ჩაეძინა, ზოგს კი, უცხო გარემოსა თუ კამერების გამო, ძილი გაუჭირდა.

ორგანიზატორებმა მონაწილეებს წინასწარ სთხოვეს, რომ კონკურსზე დასვენებულები და ნორმალურად გამოძინებულები მისულიყვნენ. შეჯიბრებაში დაახლოებით 75 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა, როგორც აღნიშნავენ, მოთხოვნა ბევრად მაღალი იყო.

ნახეთ ვიდეო კონკურსის შესახებ: