ამ ეტაპზე თანამდებობაზე აღდგენას არ ველოდები, ვისვენებ — ამის შესახებ შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, იოსებ სიგუამ, რომელსაც მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებდა, "ტვ პირველთან" საუბრისას განაცხადა.

"არა, ამ ეტაპზე არაფერს [თანამდებობაზე აღდგენას] არ ველოდები. არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა და ამ ეტაპზე სურვილიც არ მაქვს რომელიმე თანამდებობის დაკავების — ვისვენებ", — განაცხადა სიგუამ.

შეგახსენებთ, იოსებ სიგუა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავდებდა. მან თანამდებობა 12 ივლისს, მეუღლის მიერ გაჟღერებული ბრალდებების ფონზე დატოვა.

ცნობისთვის, სოფია სიგუა-შატბეროვამ მეუღლის წინააღმდეგ ბრალდებები თავდაპირველად "ნოდარ მელაძის შაბათში" 5 ივლისს გააჟღერა. მისი თქმით, იოსებ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით და მე-12 სართულიდან გადაგდებით ემუქრებოდა, ერთხელ კი იარაღიც შუბლზე მიადო. სოფია სიგუა იმასაც ამბობდა, რომ ქმარი მას ორსულობის დროსაც სცემდა.