საინფორმაციო სააგენტო "ტაო ნიუსის" დირექტორის, პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის კითხვის საპასუხოდ, რომელიც გაერთიანებული სამეფოს მიერ მის დასანქცირებას ეხებოდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი ამ ქმედებებს გმობს და უკანონოდ მიიჩნევს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ნიკოლოზ მჟავანაძემ თქვა, რომ ბრიტანული სანქციების გამო საქართველოს კომერციული ბანკები მას ფინანსურ ოპერაციებს უზღუდავენ, ხოლო ამერიკული IT-კომპანიების მიერ მისი არხების დაბლოკვა ინფორმაციის გავრცელებაში უშლის ხელს.

"ეს ბრიტანეთის ხელისუფლების შემზარავი ფარისევლობაა: ერთი მხრივ, ყველას ჭკუას არიგებენ სიტყვის თავისუფლებაზე, ადგენენ გამჭვირვალობისა და ღიაობის რეიტინგებს და საკუთარ თავს "დემოკრატიის შუქურად" წარმოაჩენენ, მეორე მხრივ კი ჟურნალისტების წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს აწესებენ.

ეს ანტირუსული თავდასხმების მორიგი ტალღაცაა, რადგან თქვენ ბრალად გედებათ ისეთი საქმიანობა, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას უკავშირდება და ჩვენი ქვეყნების კანონმდებლობის ფარგლებში ხორციელდება — არა მის საწინააღმდეგოდ, არამედ საქართველოსა და რუსეთში არსებული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად. თქვენ არცერთი იმ ორი ქვეყნის კანონს არ არღვევთ, რომლებიც ამ საკითხში არიან ჩართული.

მთელი ამ აბსოლუტურად უკანონო საქმიანობით — საქართველოს, რუსეთის, ბრიტანეთისა და საერთაშორისო კანონმდებლობის თვალსაზრისით — ლონდონი საკუთარ თავს "სიმართლის წინააღმდეგ მებრძოლად" წარმოაჩენს. იცით, არსებობს გამოთქმა "სიმართლისთვის მებრძოლები", ესენი კი "სიმართლის წინააღმდეგ მებრძოლები" არიან. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამას ცენზურა შეიძლება ეწოდოს, რადგან ამ გზით საინფორმაციო სივრცე ცენზურას ექვემდებარება.

ალბათ, ლონდონისთვის განსაკუთრებით მტკივნეულია ის, რომ საქართველოს, ქართველი ხალხისა და ქვეყნის მმართველი ინსტიტუტების წინააღმდეგ დასავლეთის მიერ წარმოებული შემზარავი საინფორმაციო კამპანიების მიუხედავად, ქვეყანა არ გატყდა და, პირიქით, საკუთარი სუვერენიტეტი განამტკიცა. ამიტომაც მიმართეს ასეთ მიზანმიმართულ "სადამსჯელო ზომებს".

ჩვენ ამ ყველაფერს ვგმობთ. მიგვაჩნია, რომ ეს უკანონო და არალეგიტიმურია და ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართალს, ისე თავად ბრიტანეთის კანონმდებლობას", — თქვა ზახაროვამ.

ამას გარდა, ის ნიკოლოზ მჟავანაძეს ურჩევს, ჯორჯ და ამალ კლუნებს მიმართოს, რომლებიც სიტყვის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვაზე მუშაობენ და სთხოვოს, ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისგან დაიცვან.

"ბრიტანეთში არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც არა მხოლოდ ბრიტანეთის ქვეშევრდომის სტატუსი, არამედ სხვა ქვეყნების მოქალაქეობაც აქვთ. ამასთან, ისინი აქტიურად მოღვაწეობდნენ უშუალოდ ბრიტანეთის ტერიტორიაზე. მაგალითად, ორი ადამიანი — ცოლ-ქმარი, რომლებმაც თავი სიტყვის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის დამცველებად გამოაცხადეს. გახსოვთ კლუნების წყვილი? ჰოლივუდის მსახიობი და მისი მეუღლე, იურისტი. როგორც თავად აცხადებდნენ, თავიანთი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანის უფლებების დაცვას დაუთმეს. ამ საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კი სწორედ ჟურნალისტების უფლებების დაცვაა.

არ გსურთ, მათ ღია წერილი მისწეროთ და საჯაროდ მიმართოთ? მით უმეტეს, რომ მათ ბრიტანეთის ტერიტორიაზე სიტყვის თავისუფლების დასაცავად გარკვეული "სამიტებიც" კი გამართეს — ასე უწოდებდნენ თავად — და შესაბამისი განცხადებებიც მიიღეს.

მისწერეთ მათ და სთხოვეთ, დაგიცვან ოფიციალური ლონდონის ქმედებებისგან. დაურთეთ ფაქტები და შესაბამისი დოკუმენტების ბმულები. მოუყევით, როგორ ცდილობს ოფიციალური ლონდონი თქვენთან "ანგარიშსწორებას". ვნახოთ, როგორი იქნება მათი რეაქცია", — განაცხადა ზახაროვამ.

1-ელ ოქტომბერს დიდმა ბრიტანეთმა "რუსეთის სანქციების რეჟიმის" ფარგლებში, სანქცია დაუწესა 31 ფიზიკურ პირს. მათ შორისაა საქართველოს 4 მოქალაქე:

1. ქართული რუსულენოვანი ტელეარხ "სეზონი TV"-ის დამფუძნებელს, ნიკოლოზ მჟავანაძეს;

2. პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანსა და პოლიტიკური საბჭოს წევრს, მამუკა ფიფიას;

3. ქართველი პოლიტიკური და სამხედრო საკითხების დამკვირვებელს, პაატა აბულაძეს.

4. პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტიკური საბჭოს წევრს, გიორგი ირემაძეს.