საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება დაამტკიცა. შესაბამისი ბრძანება 2026 წლის 8 ოქტომბრით თარიღდება და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

დებულება განსაზღვრავს სამეცნიერო კვლევების საგრანტო დაფინანსების, კონკურსის ჩატარების, პროექტების შეფასებისა და დაფინანსებული პროექტების მონიტორინგის წესებს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სამეცნიერო კვლევების განხორციელების მიზნით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, საქართველოში რეგისტრირებულ შესაბამის არასამეწარმეო ორგანიზაციებსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. პროექტებში ძირითად პერსონალად შეიძლება ჩაერთონ დოქტორის ან მაგისტრის ხარისხის მქონე პირები, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, ასევე რეზიდენტურის კურსის მონაწილეები.

დებულების მიხედვით, საკონკურსო პროექტის ხანგრძლივობა ორი ან სამი წელი უნდა იყოს. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების, მედიცინისა და ჯანმრთელობის, აგრარული მეცნიერებების მიმართულებებით ორწლიანი პროექტისთვის მაქსიმალური დაფინანსება 200 000 ლარია, სამწლიანი პროექტისთვის კი — 300 000 ლარი.

სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებებისთვის ორწლიანი პროექტის დაფინანსება მაქსიმუმ 140 000 ლარით, სამწლიანი პროექტისა კი — 210 000 ლარით განისაზღვრება.

კონკურსი ორეტაპიანია: პირველ ეტაპზე სახელმწიფო სამეცნიერო საბჭო პროექტების მოკლე განაცხადებს განიხილავს, მეორე ეტაპზე გადასულ პროექტებს კი დამოუკიდებელი ექსპერტები აფასებენ. თითოეული პროექტი სულ მცირე ორმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა უნდა შეაფასოს.

დებულება ასევე ითვალისწინებს დაფინანსებული პროექტების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს. ფონდი უფლებამოსილია, გამოავლინოს თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში შეწყვიტოს პროექტის დაფინანსება.

დოკუმენტის თანახმად, კონკურსის მიზანია სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა, ახალი ცოდნის შექმნა, კვლევების ხარისხის გაუმჯობესება და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის განვითარება.