გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი რუსული "გიპერგლობუსის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. ეს კომპანია გერმანული ჰოლდინგის, Globus Holding GmbH & Co-ის ყოფილი რუსული შვილობილი კომპანიაა და ჰიპერმარკეტების ქსელ "გლობუსს" ფლობს. ამის შესახებ პარასკევს, 2 ოქტომბერს, ონლაინგამოცემა RBC-მ გერმანული ჰოლდინგის პრესსამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია.

DW-ს შეკითხვის პასუხად გერმანულ Globus Holding GmbH & Co. KG-ში განაცხადეს, რომ რუსული ჰიპერმარკეტები — "გიპერგლობუსი" — მათი სტრუქტურიდან სრულად გამოიყვანეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

"ამ დროიდან ისინი როგორც იურიდიულად, ისე ორგანიზაციულად დამოუკიდებლად მოქმედებენ. Globus Holding GmbH & Co. KG-ის საქმიანობა ექსკლუზიურად გერმანიაში, ლუქსემბურგსა და ჩეხეთში ბიზნესზეა ორიენტირებული", — განაცხადეს კომპანიაში.

"გიპერგლობუსში" შრიოდერის დანიშვნას ექსპერტული მხარდაჭერის საჭიროებით ხსნიან

RBC-სთვის მიცემულ კომენტარში "გიპერგლობუსის" პრესსამსახურმა განაცხადა, რომ კომპანიის მფლობელი და Globus Holding GmbH & Co-ის აქციონერი თომას ბრუხი შრიოდერის დანიშვნას "ექსპერტული მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობით" ხსნის.

პრესსამსახურის განცხადების თანახმად, ყოფილი კანცლერის გამოცდილება კომპანიას დაეხმარება, შეინარჩუნოს "დიალოგზე ორიენტირებული მიდგომა" და "კონსტრუქციული გადაწყვეტილებები" მოძებნოს.

გამოცემის ცნობით, რითეილერის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შრიოდერი "კომპანიის საერთო მართვაში მიიღებს მონაწილეობას და ხელს შეუწყობს რუსეთის ბაზარზე კომპანიის საქმიანობის გრძელვადიან დაგეგმვას".

"გიპერგლობუსის" პრესსამსახურმა გერჰარდ შრიოდერის განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ის რუსეთში ეკონომიკური კავშირებისა და ინვესტიციების შენარჩუნების მნიშვნელობაზე საუბრობს.

"სწორედ კრიზისულ პერიოდებშია ეს კავშირები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი: ისინი საშუალებას გვაძლევს, ერთმანეთს მოვუსმინოთ და მომავლისკენ მიმავალი გზები ვიპოვოთ", — განაცხადა ყოფილმა კანცლერმა.

გერჰარდ შრიოდერი მანამდე რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია "როსნეფტისა" და გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადის" ოპერატორი კომპანიის ხელმძღვანელობაშიც მუშაობდა. გერმანიაში ბევრი დამკვირვებელი მას რუსეთის ენერგეტიკული კომპანიების ინტერესების ლობისტად მიიჩნევს.


გერჰარდ შრიოდერი ახლა 82 წლისაა. ის გერმანიის კანცლერი 1998 წლიდან 2005 წლამდე იყო. ამ პოსტზე ის ანგელა მერკელმა შეცვალა.