"ტვინის კონფიდენციალურობის" ცნებას, ალბათ, უკვე კარგად უნდა გაეცნოთ, რადგან მალე იქნებ წარსულის გადმონაშთადაც იქცეს...

მკვლევრებმა ხელოვნური ინტელექტის ისეთი ინსტრუმენტი შექმნეს, რომელსაც ტვინის სკანირების ანალიზით შეუძლია იმის პროგნოზირება, რას უყურებთ. ამის შემდეგ სისტემა თქვენ მიერ წარმოდგენილი გამოსახულების საკმაოდ ზუსტ ასლს ქმნის. გადაჭარბებული არ იქნება, თუ "აზრების წამკითხველ" ხელსაწყოს ვუწოდებთ, თუმცა იგი ჯერჯერობით ისე შეუფერხებლად ვერ მუშაობს, როგორც სამეცნიერო-ფანტასტიკურ რომანებშია აღწერილი. პროექტი ახლახან ორ სამეცნიერო კონფერენციაზე წარადგინეს.

"შედეგები ძალიან შთამბეჭდავია", — განუცხადა MIT Tech Review-ს კალიფორნიის უნივერსიტეტის (სანტა-ბარბარა) ნეირომეცნიერმა, ტომი სპრეგმა — "მეორე მხრივ, თუ არსებობს გზა, რომლითაც ვინმე ფარულად მოიპოვებს ინფორმაციას იმის შესახებ, რაზე ფიქრობთ, მაშინ სამეცნიერო ფანტასტიკის 150-წლიანი ისტორია ნებისმიერ დროს შეიძლება იქცეს რეალობად. ეს ბევრი თვალსაზრისით საგანგაშოა".

ეს პირველი კვლევა არ არის, რომლის ფარგლებშიც ტვინის სკანირების საფუძველზე ადამიანის გონებაში არსებული გამოსახულება აღადგინეს. მეორე მხრივ, ვაიზმანის სამეცნიერო ინსტიტუტის მკვლევარი მიხალ ირანი, რომლის გუნდმაც ეს ინსტრუმენტი შექმნა, აღნიშნავს, რომ მათ ვიზუალური გამოსახულების გამეორება ბევრად მაღალი სიზუსტით შეძლეს.

მკვლევრებმა AI მოდელი ტვინის სკანოგრამების ღია მონაცემთა ბაზაზე გაწვრთნეს. ეს მონაცემები ცდის რვა მონაწილისგან მიიღეს, რომლებსაც ათასობით ფოტოს უჩვენებდნენ. ძველი სკანოგრამებისგან განსხვავებით, მეცნიერებმა მაღალი გარჩევადობის ახალი მონაცემები გამოიყენეს. ამ მეთოდით მათ ტვინში ძალიან მცირე მოცულობებიც დაინახეს, თუნდაც ნეირონების ერთი კუბური მილიმეტრი.

MIT Tech-ის ცნობით, მიღებული "ტვინის დეკოდერი" ორი ნაწილისგან შედგებოდა: ერთი გამოსახულების სტრუქტურას პროგნოზირებდა, ხოლო მეორე მის შინაარსს განსაზღვრავდა. მათთან ერთად გამოსახულების AI გენერატორი, რომელსაც "დიფუზიურ მოდელს" უწოდებენ, ადამიანის მიერ დანახულ კადრს ხელახლა ქმნიდა.

ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. AI მოდელის სრულყოფისთვის ბევრი მონაცემია საჭირო, ტვინის ასეთი სპეციფიკური სკანირების საკმარისი მონაცემები კი უბრალოდ არ არსებობდა.

ამ პრობლემის გადასაჭრელად მკვლევრებმა ხელოვნური ინტელექტის მოდელი უკუპრინციპით გაწვრთნეს. კერძოდ, შექმნეს სისტემა, რომელიც ტვინის აქტივობას ადამიანის მიერ ნანახი გამოსახულების მიხედვით განსაზღვრავდა. ამ "ენკოდერ" მოდელს თითოეული კონკრეტული ფოტოს საფუძველზე ტვინის სავარაუდო სკანოგრამების უამრავი ვარიანტის შექმნა შეეძლო. მიღებული ხელოვნური მონაცემები შემდეგ უკვე დეკოდერ მოდელს გადაეცემოდა, რომელსაც გამოსახულება ხელახლა უნდა აღედგინა. ეს პროცესი მანამ მეორდებოდა, სანამ მიღებული კადრი დედანს მაქსიმალურად არ დაემსგავსებოდა. ამ მიდგომით უკვე მხოლოდ ტვინის რეალური სკანირებისას გამოყენებული ფოტოებით აღარ იყვნენ შეზღუდულები.

ტექნოლოგია იდეალური არ არის. ირანიმ გამოცემას განუცხადა, რომ შეცდომებიც ჰქონდათ და მაგალითად მოიყვანა შემთხვევა, როდესაც აბაზანაში მყოფი ძაღლის გამოსახულება სისტემამ აბაზანაში მყოფ თხად გარდაქმნა.

ერთი მხრივ, ეს ტექნოლოგია შეიძლება რევოლუციური აღმოჩნდეს პარალიზებული ადამიანებისთვის, რომლებსაც ფიზიკური კომუნიკაციის უნარი დაკარგული აქვთ. მეორე მხრივ, იმის რისკიც ჩნდება, რომ ოდესმე ტვინის კონფიდენციალურობა დასრულდეს. ამჟამად ამ პროცესისთვის მაღალი გარჩევადობის სკანირებაა საჭირო, ეს კი მხოლოდ უზარმაზარი და ძვირადღირებული ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (fMRI) აპარატებით მიიღწევა.

თუ იგივე ტექნიკა პორტატიულ ელექტროენცეფალოგრაფიულ (EEG) მოწყობილობებს მოერგება, შეიძლება ვითარება რადიკალურად შეიცვალოს. მსგავსი მოწყობილობების კონკრეტული ადამიანის ტვინზე მორგება შესაძლებელია, რაც, თეორიულად, კომპანიებს გაუმარტივებს, რომ ინფორმაცია თანხმობის გარეშე მოიპოვონ.

"ეჭვი არ მეპარება, რომ ეს კვლევა კეთილი განზრახვით ჩატარდა, თუმცა ისიც ნათელია, რომ მისი გამოყენება ეთიკურად და სოციალურად პრობლემური კომერციული მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი", — აღნიშნა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა და ფილოსოფოსმა, მარჩელო იენკამ, MIT Review-სთან საუბრისას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.