ქალი ხართ და გგონიათ, მხოლოდ თქვენ გიხდიან კაცებზე ნაკლებს? ხელოვნური ინტელექტი, ალბათ, ამაშიც თანაგიგრძნობდათ: შეიძლება ითქვას, გენდერული სახელფასო სხვაობის მსგავსი რამ ექსპერიმენტის ფარგლებში AI ასისტენტებმაც "იწვნიეს".

ლიმერიკის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შენიშნეს, რომ სიმულირებულ ოფისში მუშაობისას ადამიანები მამრობითი სქესის გამომხატველ AI აგენტებს უფრო მეტ ფულად ჯილდოს — დაახლოებით 10%-ით მეტს — აძლევდნენ, ვიდრე მდედრობითი სქესისებს. AI ასისტენტები ერთსა და იმავე ტექნოლოგიაზე მუშაობდნენ, თუმცა გარეგნობითა და სქესის გამომხატველი ნიშნებით განსხვავდებოდნენ.

შედეგების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სამუშაო ადგილზე გენდერული ნიშნით მიკერძოება შეიძლება ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტებზეც ვრცელდებოდეს, არათუ მხოლოდ ადამიანებზე. დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რომ ეს ტენდენცია ასისტენტებს შორის არსებულ გენდერულ სხვაობებს უკავშირდება და არა სხვა ფაქტორებს (მაგალითად იმას, თუ რამდენად ადამიანურად აღიქმებოდა მონაწილეებისთვის თითოეული). ეს შეიძლება თავად AI ასისტენტების დიზაინსაც უკავშირდებოდეს.

"ჩვენს მიგნებებში თვალში საცემი ისაა, რომ ეს AI აგენტები ზუსტად ერთ ტექნოლოგიაზე მუშაობდნენ, თუმცა ადამიანები მათ ერთნაირად არ ექცეოდნენ", — განაცხადა დოქტორმა მერი ჰაუსფელდმა, ნაშრომის თანაავტორმა და ლიმერიკის უნივერსიტეტის მკვლევარმა — "ხშირად გვგონია, რომ AI ნეიტრალურია, თუმცა ამ სისტემებს ისე ვქმნით და წარმოვადგენთ, რომ შეიძლება იგივე ვარაუდები და მიკერძოებები გაააქტიუროს, რომლებიც სხვა ადამიანებთან ჩვენს ინტერაქციებში გვხვდება".

კვლევაში 189 ადამიანი მონაწილეობდა. ისინი ვირტუალურ რეალობაში სიმულირებულ ოფისში მუშაობდნენ. მონაწილეებს დავალებების შესრულებისას სამი სახის AI ასისტენტი უნდა დაეხმარებინათ (თითო დავალებაზე თითო ასისტენტი): ტექსტური ჩატბოტი, სამაგიდო რობოტი და ადამიანის მსგავსი ასისტენტი.

ექსპერიმენტში გამოყენებული AI ასისტენტები — იოჰანა (მარცხნივ) და იოჰანი (მარჯვნივ)

თავად AI ასისტენტებიდან ერთი იყო იოჰანი, რომელსაც მამრობითი სქესის მახასიათებლები ჰქონდა მინიჭებული, ხოლო მეორე კი — იოჰანა, მდედრობითი სქესის მახასიათებლებით. მონაწილეები ან იოჰანთან ერთად მუშაობდნენ, ან იოჰანასთან ერთად. თითოეული დავალების შესრულების შემდეგ მათ კითხვარებს ავსებინებდნენ; 34 მონაწილესთან ასევე ჩაატარეს ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუებიც.

საერთო ჯამში მონაწილეები იოჰანსა და იოჰანას გაცილებით ადამიანურად მიიჩნევდნენ, ვიდრე რობოტ ასისტენტს. ისინი ადამიანთან მიმსგავსებულ ასისტენტებსაც მეტად ენდობოდნენ, ვიდრე რობოტს. ადამიანის მსგავსმა ასისტენტებმა ფულადი ჯილდოც მეტი მიიღეს რობოტთან შედარებით. მათთვის თანხის განაწილებისას მონაწილეებს თავად ნაკლები რჩებოდათ (თანხას ასისტენტებს მათი შემდგომი განვითარებისთვის აძლევდნენ).

თავად ასისტენტებისადმი მიდგომის მხრივაც გამოვლინდა სხვაობები. იოჰანსა და იოჰანას დაახლოებით ერთნაირად ენდობოდნენ და აღიარებდნენ. მეორე მხრივ, მონაწილეები მდედრობითი სქესისანი იქნებოდნენ თუ მამრობითისა, ისინი იოჰანს უფრო ადამიანურად აღიქვამდნენ და მნიშვნელოვნად მეტსაც უხდიდნენ, ვიდრე იოჰანას.

სხვათა შორის, გამოკითხვისას 34-იდან 13 მონაწილე აღნიშნავდა, რომ ადამიანთან ნაკლებად მიმსგავსებული ასისტენტები ერჩივნათ, 11-ს კი — პირიქით. იმასაც ამბობდნენ, რომ შესახედაობასა და სქესს არ უნდა ჰქონდეს გავლენა მათ შეფასებებზე. შესაბამისად, მონაწილეების მიერ გამოთქმული აზრები და რეალურად გამოვლენილი ქცევა ერთმანეთს ყოველთვის არ ემთხვეოდა.

ნაშრომის ავტორების დასკვნით, მიგნებები იმაზე მიანიშნებს, რომ ტექნოლოგიის გარეგანი ფორმა მხოლოდ ესთეტიკურ დატვირთვას არ ატარებს და შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს ნდობაზე, აღიარებასა და ეკონომიკური მნიშვნელობის გადაწყვეტილებებზე.

"სამსახურში AI აგენტების მომრავლებასთან ერთად კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა მახასიათებლებს მივანიჭებთ მათ და რა ქცევები შეიძლება წაახალისოს ამ გადაწყვეტილებებმა", — განაცხადა დოქტორმა ჰაუსფელდმა — "არსებული უთანასწორობა უნებლიეთ ახალ ტექნოლოგიურ გარემოში არ უნდა გავიმეოროთ".

ცნობისთვის, The Independent-ის მიხედვით, ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში გენდერული სხვაობა მედიანურ საათობრივ ანაზღაურებაში გასულ წელს 6.9% იყო. საქართველოს რაც შეეხება, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის მონაცემებით, გენდერული სახელფასო სხვაობა 32% იყო — ქალები ყველა სექტორში კაცებზე ნაკლებ ანაზღაურებას იღებდნენ.

ნაშრომს — მათ შორის კვლევის მეთოდოლოგიას, შედეგებსა და შეზღუდვებს — უფრო დეტალურად ამ ბმულზე გაეცნობით. იგი NordiCHI 2026 კონფერენციაზე წარადგინეს ვაასაში, ფინეთში.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.