ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც მთავრობას მოუწოდებს, თანამოაზრე პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი საჩივარი შეიტანოს.

ინიციატივა, რომლის ავტორიც თავისუფლებისა და დემოკრატიის სახალხო პარტიის (VVD) წარმომადგენელი ქუინ რაჯკოვსკია, 102 ხმით 47-ის წინააღმდეგ მიიღეს.

ინიციატივაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიულ კანონმდებლობასა და პოლიციურ ძალადობას იყენებს. დოკუმენტის თანახმად, ეს მოვლენები უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია, რომელიც საქართველოს რუსულ მოდელთან აახლოებს.

ინიციატივაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, გამოიყენონ სახელმწიფოთაშორისი საჩივრების მექანიზმი, რათა სახელმწიფოებს მსგავსი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

ინიციატივა ნიდერლანდების მთავრობას მოუწოდებს, თანამოაზრე პარტნიორებთან ერთად, საქართველოს წინააღმდეგ საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 33-ე მუხლის საფუძველზე შეიტანოს.

33-ე მუხლი ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს აძლევს უფლებას, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს წინააღმდეგ საქმე აღძრას კონვენციისა და მისი ოქმების სავარაუდო დარღვევების გამო. საჩივრის წარმდგენ სახელმწიფოს არ მოეთხოვება, თავად იყოს უშუალოდ დაზარალებული სავარაუდო დარღვევებით.

ინიციატივა კანონი არ არის და მთავრობას საჩივრის შეტანის იურიდიულად სავალდებულო ვალდებულებას ავტომატურად არ აკისრებს.