აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პარასკევს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) სანქციები დაუწესა. ეს ნაბიჯი სასამართლოს ერთ-ერთი ყოფილი მოსამართლისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მინიჭებიდან სულ რამდენიმე საათში გადაიდგა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სასამართლომ ეს ქმედება "კანონის უზენაესობისა და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის ფუნდამენტის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმად" შეაფასა და მის 125 წევრ სახელმწიფოს დაცვისკენ მოუწოდა.

"სასამართლო მარტო არ შეიძლება იდგეს. მისი ბედი ახლა იმ სახელმწიფოების ხელშიცაა, რომლებმაც ის შექმნეს.

ეს მხოლოდ ერთი ინსტიტუტის დაცვას არ ეხება, არამედ კანონის უზენაესობაზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის გადარჩენას. ისტორია ამ მომენტს განსჯის", — ნათქვამია განცხადებაში.

Reuters წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დიდი ხანია მტრულადაა განწყობილი 2002 წელს დაფუძნებული სასამართლოს მიმართ, რომელიც ომის დანაშაულებს, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებსა და გენოციდს იძიებს. ვაშინგტონს მის პროკურორებსა და მოსამართლეებზე სანქციები წარსულშიც აქვს დაწესებული.

"პრეზიდენტი ტრამპი არასდროს დაუშვებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ამერიკელები გაასამართლოს. სწორედ ამიტომ, დღეს შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს. ჩვენ ავკრძალავთ ტრანზაქციებს ამ მოძალადე სასამართლოსთან, შევუწყვეტთ რესურსებს და შევასუსტებთ მის ფუნქციონირების უნარს", — განაცხადა სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Reuters-ისთვის მიწოდებულ განცხადებაში.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები ექვსთვიანი შეღავათიანი პერიოდით და ზოგიერთი გამონაკლისით გამოაცხადა.

რუბიოს თქმით, სანქციები ისე სტრუქტურირდა, რომ სასამართლოსა და მის წევრ სახელმწიფოებს აშშ-ის შეშფოთების მოსაგვარებლად შესაძლებლობა მიეცეთ, ხოლო თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ზომები შეიცვლება.

ვაშინგტონმა სასამართლო ისრაელელი ოფიციალური პირების, მათ შორის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გაცემული დაპატიმრების ორდერებისა და ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების ქმედებების გამოძიების გამო გააკრიტიკა.

"სანქციები მიმართულია საერთაშორისო დონეზე კანონის უზენაესობისა და იმ სამუშაოს შესარყევად, რომელსაც დამოუკიდებელი სასამართლო ინსტიტუტი აკეთებს. ჩვენი მუშაობა გაგრძელდება ყველა სიტუაციაში", — განუცხადა Reuters-ს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილემ, ნაზჰატ შამიმ ხანმა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საჯაროდ ბრალი 70-ზე მეტი პირისთვის აქვს წაყენებული, მათ შორის მსოფლიო ლიდერებისა და გლობალური კონფლიქტების მთავარი ფიგურებისთვის. ნეთანიაჰუს გარდა, მან ჰამასის წარმომადგენლების დაპატიმრებაც მოითხოვა. ბრალდებულებს შორის არიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, სუდანის ყოფილი პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი და ლიბიის ყოფილი ლიდერი მუამარ კადაფი. კენიის პრეზიდენტ უილიამ რუტოსა და კენიის ყოფილი პრეზიდენტის, უჰუჰუ კენიატას წინააღმდეგ ბრალდებები მოხსნილია.