ხელოვნური ინტელექტი (AI) სხვა ყველაფერთან ერთად ბიოლოგიის გარდატეხასაც გვპირდება. AI-ს პრაქტიკული გამოყენების მიმართულებით ეს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა: თეორიულად, ჩვენი "აშენებაც" შეუძლია და "დაქცევაც" — გამოყენებას გააჩნია.

მკვლევრები დღეს აქტიურად მუშაობენ AI მოდელებზე, რომლებიც სხვადასხვა ბიოლოგიური კანონზომიერების აღმოჩენასა და პროგნოზირებაში დაგვეხმარება. ამან, თავის მხრივ, შეიძლება ახალი სამკურნალო საშუალებების შექმნამდე და არაერთი დაავადების — მათ შორის სიბერისაც — დამარცხებამდე მიგვიყვანოს.

"ხალხი ცდილობს, რომ ყველაფრის ერთად ინტეგრაციაზე, ვირტუალურ უჯრედებზე, გადავიდნენ", — ინტერვიუში მითხრა ილია ყიფშიძემ.

ილია ზაარლანდის უნივერსიტეტში სწავლობს და პარალელურად ასისტენტ-მკვლევარია მაქს პლანკის ინსტიტუტში. სხვა მკვლევრებთან ერთად იგი იმ AI მოდელების ახსნადობაზე მუშაობს, რომლებიც შემდგომში, მათი ჩანაფიქრით, უჯრედის ვირტუალური მოდელები უნდა გახდეს.

ამ ეტაპზე AI-ს შეუძლია იწინასწარმეტყველოს, არის თუ არა უჯრედი დაავადებული, თუმცა რთული სათქმელია, რას ეყრდნობა ეს პროგნოზები.

"ვცდილობთ, ის ბიოლოგიური კონცეფციები ვიპოვოთ, რომლებზე დაყრდნობითაც ეს AI მოდელები იღებს ამ გადაწყვეტილებას", — მითხრა ილიამ.

ამ ეტაპზე მათი მოდელები მხოლოდ გენების აქტიურობას მოიცავს, ხოლო სამომავლოდ ვირტუალურმა უჯრედებმა უნდა მოიცვას "მთელი ინფორმაცია, რაც უჯრედებშია". ეს მათი პრაქტიკული გამოყენებისკენაც გაგვიხსნის გზას.

"ეს ვირტუალური უჯრედები მოგვცემს საშუალებას, რომ იმ ექსპერიმენტების ძალიან დიდი ნაწილი, რომლებსაც ბიოლოგები ლაბორატორიაში ატარებენ, უამრავი ინტერვენცია [ვირტუალურ] უჯრედში განვახორციელოთ", — ამიხსნა ილიამ — "გვაქვს 20 ათასამდე გენი, პროტეინის მაკოდირებელი გენი, და თითოეულ ამ გენზე რაღაც ინტერვენცია შეგვიძლია. მაგალითად, გვაქვს ტექნოლოგია, რომ გავზარდოთ მისი აქტივობა ან შევამციროთ".

ილიას თქმით, ლაბორატორიაში ამდენი ვარიანტის შემოწმება ძალიან რთულია — ძვირია, დიდ დროს მოითხოვს და ზოგი რამ სარისკოც არის — განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩარევა გენების კომბინაციებშიცაა შესაძლებელი. შესაბამისად, მკვლევრებს უჯრედის სრული სიმულაციის შექმნა სურთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს გავიგოთ, როგორ მოიქცეოდა უჯრედი კონკრეტული ინტერვენციის შემთხვევაში.

"შედეგად მივიღებთ კომპიუტერში სიმულაციას იმ ინტერვენციებისა, რომლებიც ლაბორატორიაში უნდა გაგვეკეთებინა", — მითხრა ილიამ — "ეს მოგვცემს საშუალებას, აღმოვაჩინოთ ახალი წამლები და სამკურნალო საშუალებები".

მან სფეროში მომუშავე მეცნიერები გაიხსენა, მათ შორის დემის ჰასაბისი, რომლის აზრითაც, 10 წელში AI-ს დახმარებით შეიძლება დაავადებების უმრავლესობა განვკურნოთ. ილიაც ფიქრობს, რომ ამ დროში AI მნიშვნელოვან ცვლილებებს მოიტანს ბიოლოგიაში. მეორე მხრივ, არც იმას გამორიცხავს, რომ ტექნოლოგია შეიძლება საზიანო მიზნებითაც გამოვიყენოთ.

"AI უკვე ძალიან დიდი ხანია გამოიყენება წამლების ან, მაგალითად, პროტეინების შესაქმნელად; ანალოგიურად ვირუსების გენომის აწყობისთვის", — თქვა მან — "ამას აქვს კარგი მხარეც. თუ კარგად გამოიყენებ, ვირუსები არსებობს, რომლებიც ადამიანებს არ აინფიცირებს და აინფიცირებს ბაქტერიებს, მაგრამ შეიძლება შექმნა ვირუსი, რომელიც ადამიანს აინფიცირებს და გამოიწვიო, მაგალითად, ეპიდემია".

თავისთავად, ეს იმაზეცაა დამოკიდებული, ვის ექნება წვდომა მძლავრ AI მოდელებზე. ილიას აზრით, ერთ-ერთი გამოსავალი ისაა, რომ პარალელურად ისეთი მოდელებიც შევქმნათ, რომლებიც "ცუდი AI მოდელების მოქმედების პრევენციაში" დაგვეხმარებიან.

"თუ რაღაც ზღვარზე მივედით, მერე, ალბათ, ყველანაირი მეთოდი მისაღები იქნება", — დასძინა მან.

სრულ ინტერვიუს შეგიძლიათ აქვე უყუროთ: