საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 13 ოქტომბერს, ვარშავის უსაფრთხოების ფორუმი 2026-ის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს პანელური დისკუსიაში — "დემოკრატიული ფრონტის ხაზი: ლიდერობა რუსული ავტორიტარიზმის წინააღმდეგ".

ფორუმი დღეს, 12 ოქტომბერს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიხსნება და ორ დრეს გაგრძელდება. მასში 90 ქვეყნიდან 2 500-ზე მეტი პოლიტიკოსი, დიპლომატი, სამხედრო სფეროს წარმომადგენელი და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი მიიღებს მონაწილეობას.

მთავარი თემები იქნება NATO-ს სტრატეგია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე, ევროპის თავდაცვისუნარიანობა, ევროპული უსაფრთხოების მომავალი, პოლონეთ-ნორვეგიის პარტნიორობა და ჩრდილოეთ-ბალტიისპირეთის ქვეყნების თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა NATO-ს სამხედრო შესაძლებლობებსა და რუსეთის შესაძლო წინააღმდეგ მაღალინტენსიური კონფლიქტისთვის მზადებას. ფორუმზე ალიანსის უმაღლესი მთავარსარდალი ევროპაში, გენერალი ალექსუს გრინკევიჩი, NATO-ს ახალ სტრატეგიას წარადგენს

ფორუმის მონაწილეებს შორის იქნებიან პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე რადმილა შეკერინსკა, აშშ-ის სენატორი როჯერ უიკერი, აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და რუსეთის ანტისაომარი კომიტეტის თანადამფუძნებელი მიხაილ ხოდორკოვსკი. ფორუმში დისტანციურად ჩაერთვება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის 2026 წლის მონაწილეებს შორის არიან ასევე: რუსეთის დემოკრატიის ინიციატივის თავმჯდომარე გარი კასპაროვი, აშშ-ის America First Policy Institute-ის ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის თანათავმჯდომარე, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი, ევროკომისარი თავდაცვისა და კოსმოსის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსი და ბელარუსის ერთიანი გარდამავალი კაბინეტის ხელმძღვანელი სვეტლანა ციხანოუსკაია.

ამ დროისთვის ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის 2026 წლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაწილეთა სიაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ არიან მითითებული.