NASA-მ მთვარეზე მდებარე ე.წ. მარიუსის ბორცვების ღრმულის შესასწავლად პლანეტარული მეცნიერების ინსტიტუტის (PSI) ხელმძღვანელობით შემუშავებული პროექტი GIMLI აირჩია. მიზანი იმის დადგენაა, იმალება თუ არა იქ გიგანტური გამოქვაბული ან ვულკანური მღვიმე.

მსგავსი ბუნებრივი წარმონაქმნები მომავალში ასტრონავტებისთვის რადიაციისა და ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობისგან დამცავ საიმედო თავშესაფრად შეიძლება იქცეს.

ასევე იხილეთ: მთვარე გვშორდება — რატომ ხდება ეს და რას უნდა ველოდოთ

პროექტი GIMLI (მთვარის მარიუსის ღრმულის კვლევის გეოფიზიკური ინსტრუმენტები) NASA-ს პროგრამა PRISM-ის ფარგლებში დაფინანსდება. ორბიტიდან დაკვირვების ნაცვლად, მეცნიერები ამჯერად აპარატებს უშუალოდ მთვარის ზედაპირზე გაგზავნიან. ინსტრუმენტებით მავალი და სპეციალური დასაშვები მოდული აღიჭურვება.

ზედაპირქვეშა სიცარიელის აღმოსაჩენად და მისი ზომების დასადგენად კვლევითი გუნდი რამდენიმე ტექნოლოგიას გააერთიანებს. კერძოდ, ისინი კომპანია Honeybee Robotics-ის სეისმურ სენსორებს, გრავიმეტრსა და მაღალი გარჩევადობის კამერებს გამოიყენებენ, რომლებითაც მთვარის ზედაპირსა და ღრმულის კედლებს გადაიღებენ. ინსტრუმენტებს შორისაა ნორვეგიის კოსმოსურ სააგენტოში შექმნილი გეორადარიც.

პროექტის ხელმძღვანელი PSI-ის უფროსი მეცნიერი, ტენ პუტციგია. ის აღნიშნავს, რომ Apollo-ს მისიების დროს ასტრონავტებმა მთვარეზე პირველი სეისმური კვლევები ჩაატარეს, რის შემდეგაც ეს პლანეტარულ მეცნიერებაში აქტიური წყაროს (ხელოვნური ენერგია ან ვიბრაცია) სეისმური მეთოდების დაბრუნების პირველი პრეცედენტი იქნება.

მარიუსის ღრმული.

ფოტო: NASA

მარიუსის ბორცვების ღრმული მთვარის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ვულკანურ რეგიონში მდებარეობს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ღრმული სწორედ უძველესი ვულკანური პროცესების შედეგად წარმოქმნილი მღვიმეების შესასვლელი შეიძლება იყოს.

აღსანიშნავია, რომ მისიისგან ნებისმიერ შემთხვევაში სამეცნიერო სიახლეებს უნდა ველოდოთ. თუ ეს ღრმული გიგანტური მღვიმე არ აღმოჩნდება, ინსტრუმენტების მიერ შეგროვებული მონაცემები საშუალებას მოგვცემს, ის მაინც გავიგოთ, როგორ წარმოიქმნა იგი.

კერძოდ, მარიუსის ღრმულის გარშემო და შიგნით არსებული მატერიის გამოკვლევა მისი ფორმირების ისტორიის აღდგენაში დაგვეხმარება. ასევე, ამის მეშვეობით ზოგადად რეგიონის გეოლოგიური და ვულკანური წარსულის შესახებ შეიძლება შევიტყოთ.

გუნდის ყურადღების ცენტრში მხოლოდ პოტენციური ზედაპირქვეშა სტრუქტურა არ იქნება. მათ ამ ტერიტორიის ევოლუციაც აინტერესებთ, რადგან იქ ვულკანური აქტიურობის კვალია შემონახული. ღრმულის კედლებზე რეგოლიტისა (გრუნტი) და ლავის ნაკადების მოშიშვლებული ფენებიცაა, რომლებიც, როგორც წესი, ღრმადაა ხოლმე მოქცეული. მათი შესწავლით შეიძლება გავიგოთ, როგორ გადაადგილდებოდა ლავა მთვარის ლანდშაფტზე და რამდენად ხშირად ხდებოდა ამოფრქვევები.

შესაბამისად, ამგვარი ღრმულები იმ პროცესების შესახებ შეიცავს ინფორმაციას, რომლებმაც მთვარის ამ ფორმით ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.