მსჯავრდებული გიორგი დავითაძის უფლებადამცველი, სალომე ჯანუაშვილი პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც უწყება აღნიშნავს, რომ გამოძიება დასრულებულია, ვინაიდან მსჯავრდებულის მიმართ N6 პენიტენციურ დაწესებულებაში არანაირ ძალადობას არ ჰქონია ადგილი.

ადვოკატის თქმით, ექსპერტიზა ოთხ დღეში დასრულდა და პროკურატურა ამბობს, რომ არ დადასტურდა ის, რაც "რაც მთელმა ქვეყანამ ნახა, ყველამ კარგად აღიქვა."

"შეხვედრაზე ჩვენთვის ცნობილი გახდა ის, რომ იყო დანიშნული ექსპერტიზა, რა ექსპერტიზაზეც ახლა აპელირებს პროკურატურა და ელოდებოდნენ დასკვნას. ამ განცხადებიდან იყო, რომ ისეთი დასკვნა მიღებულია, რომელსაც სტანდარტულ შემთხვევაში, ისე დამთავრდება ხოლმე სასამართლო განხილვები, რომ ვერ ვიღებთ. ოთხ დღეში დასრულდა ექსპერტიზა და დასკვნა დაიდო და ნუ როგორც როგორც განცხადებიდან ჩანს და იკითხება, არ დადასტურდა ის, რაც მთელმა ქვეყანამ ნახა, ყველამ კარგად აღიქვა, ვისაც არ უნდოდა იქ დანახვა, იმან უბრალოდ არ დაინახა", — თქვა ადვოკატმა (მის სიტყვას "ფორმულა" ავრცელებს).

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის განცხადებით, რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის საქმეზე გამოძიება დასრულდა. უწყების ცნობით, მოპოვებულმა მტკიცებულებებმა დაადასტურა, რომ რაიმე სახის დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

ცნობისთვის, რომ გიორგი დავითაძე, რომელიც რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს, აცხადებს, რომ დეესკალაციის ოთახში მასზე რამდენიმე ბადრაგმა სექსუალურად იძალადა. პენიტენციური სამსახური ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. უწყებამ 2 ოქტომბერს გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც მათი თქმით, გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში შეყვანაა ასახული. კადრებში ჩანს დავითაძის ძალით შემოწმება და ფიზიკური დაპირისპირება, თუმცა ჩანაწერს ხმა არ აქვს.