"თქვენ არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყო ორივე. თქვენ ხართ ორივე", — ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ კახეთში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ელჩმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორობასა და საერთო ღირებულებებზე გაამახვილა ყურადღება. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი განაგრძობს ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდაჭერას.

"დიდი ბოდიში, ჩემი დამტვრეული ქართულისთვის, თუმცა მაინც მინდა პატივისცემის ნიშნად თქვენს მშვენიერ ენაზე მოგმართოთ.

მიხარია, რომ წელს პირველად აღნიშნავთ ევროპის დღეს კახეთში.აქ ხომ განსაკუთრებულად იგრძნობა თავისუფალი ქართული სული, კულტურა და ტრადიციები, ის სიმდიდრე, რომელსაც საქართველო ევროპას სძენს.

თქვენ იცით, რომ ევროკავშირი არც ახალი, და მით უფრო არც უცხო ამბავი არ არის.გამოწვევებით სავსე მსოფლიოში უკვე თითქმის 80 წელია, ვრჩებით მშვიდობის, დემოკრატიის განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის კუნძულად.

ის, რაც გვაქვს დიდი შრომით, მონდომებითა და საერთო პრინციპებისადმი ერთგულებით შევქმენით.ამიტომაც არის ჩვენთვის ასეთი ძვირფასი. ამიტომაც გვინდა, ეს სიკეთე გავუზიაროთ მათ, ვინც პატივს სცემს ჩვენს საერთო წესებს.

ევროკავშირი ქართულ მრავალხმიანობას გაქვს. 27 დამოუკიდებელი სახელმწიფო ძლიერ ერთობას ქმნის. ისევე როგორც თითოეული ხმა ქმნის ერთიან მელოდიას. ჩვენ გვსურს, რომ ევროპის მრავალხმიანობაში ქართული ხმა მკაფიოდ ისმოდეს. ევროკავშირისა და საქართველოს მეგობრობა საქართველოს დამოუკიდებლობიდან იწყება.

მართალია, ამ მჭიდრო კავშირს ბოლო პერიოდის ანტი-ევროპული რიტორიკა ძალიან აზიანებს, თუმცა, ვერ შეცვლის. წარმოუდგენელია მრავალწლიანი ისტორიის გადაწერა, მით უფრო, დავიწყება რამდენიმე წელში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავლის მხარდაჭერას.

თქვენ არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყო ორივე. თქვენ ხართ ორივე", — განაცხადა ელჩმა.