ჩვენი ხელწერა არის ძალიან ცხადი, ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული ყველგან და ყველას მიმართ, ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, როგორია ადამიანის წარსული, როგორია პატიმრის წარსული, რა დანაშაულები აქვს მას ჩადენილი, ადამიანის უფლებები უნდა იყოს ყველგან განუხრელად დაცული.

"ჩვენი ხელწერა პირველ რიგში, არის ძალიან ცხადი. ჩვენი ხელწერა არის ის, რომ ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს ყველგან და ყველას მიმართ. მნიშვნელობა არ აქვს, როგორია ადამიანის წარსული, როგორია პატიმრის წარსული, რა დანაშაულები აქვს მას ჩადენილი, ადამიანის უფლებები ყველგან უნდა იყოს განუხრელად დაცული და, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი ბატონი დავითაძის მიმართაც.

თუმცა, ასეთ დროს, ჩვენ ვიხილეთ სპეკულაციური განცხადებები, ცრუ ბრალდებები, რაც ძალიან სამწუხაროა. ყველაფერს მოეფინა ნათელი ძალიან მარტივად, ჩატარდა გამოძიება, გავრცელდა კადრები და ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და როგორია სასჯელაღსრულების სისტემის ხელწერა ამ ხელისუფლების პირობებში. თქვენ იცით, რა მდგომარეობა იყო სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლამდე და ამის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა ვითარება. ამას ადასტურებს ძალიან ბევრი რამ, მათ შორის სტატისტიკა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც შემცირებულია დაახლოებით 6-ჯერ სასჯელაღსრულების სისტემაში. ეს არის ზუსტად იმის შედეგი, რომ დღეს მოქმედებს ჰუმანური სისტემა, ჰუმანურობის პრინციპი მოქმედებს სასჯელაღსრულების სისტემაში და ჩვენ ვაპირებთ ამ ხელწერით მუშაობის გაგრძელებას", — განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის განცხადებით, რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობის საქმეზე გამოძიება დასრულდა. უწყების ცნობით, მოპოვებულმა მტკიცებულებებმა დაადასტურა, რომ რაიმე სახის დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

ცნობისთვის, რომ გიორგი დავითაძე, რომელიც რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის სასჯელს, აცხადებს, რომ დეესკალაციის ოთახში მასზე რამდენიმე ბადრაგმა სექსუალურად იძალადა. პენიტენციური სამსახური ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. უწყებამ 2 ოქტომბერს გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც მათი თქმით, გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში შეყვანაა ასახული. კადრებში ჩანს დავითაძის ძალით შემოწმება და ფიზიკური დაპირისპირება, თუმცა ჩანაწერს ხმა არ აქვს.