საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე რუსეთის მიერ ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტზე შეზღუდვების დაწესებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, "პირდაპირ საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია ის, რაც ახლა მოხდა."

"პირდაპირ საქართველოს ხელისუფლების დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია ის, რაც ახლა მოხდა.

დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას.

როგორადაც არ უნდა შეუსრულო რუსეთს დავალება, საბოლოო ჯამში, ის არასდროს იქნება კმაყოფილი და ყოველთვის მეტსა და მეტს მოითხოვს.

[...]

აი, პირველივე უკმაყოფილების მომენტში, თუ როგორ, გამოავლინა ამ ბოროტმა სახელმწიფომ ამ სისხლიანმა აგრესორმა საკუთარი ბუნება.

ეტყობა საქართველოს ხელისუფლებამ რაღაც ვერ შეუსრულა, ვერ შეუსრულა იმის გამო, რომ ალბათ ორ ცეცხლს შუა იწვის, ვინაიდან რუსეთს საქართველო რა თქმა უნდა ეხმარებოდა სანქციებისთვის გვერდის ავლაში", — თქვა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რუსული მედიის, გამოცემა RBC-ს ცნობით, "როსპოტრებნადზორმა" (მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სახელმწიფო უწყებამ) ქართული სასმელების — ღვინის, კონიაკის, ლუდის, მინერალური წყლისა და გაზიანი სასმელების ნაწილის რუსეთში იმპორტი და გაყიდვა დროებით აკრძალა. გადაწყვეტილება ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს დადგენილებას ეფუძნება.