"ქართულ ოცნებას ხელოვნური და ყალბი ყველაფერი სძულს, ნამდვილსა და ორიგინალურს კი პატივს სცემს", — ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა კითხვას, დასჭირდა თუ არა მმართველ პარტიას ხელოვნური მხარდამჭერები მას შემდეგ, რაც ორ ISFED-მა 2 დღეში შექმნილი 400 ყალბი ანგარიშის შესახებ გაარცელა ინფორმაცია.

ამას გარდა, შალვა პაპუაშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ შესაძლოა, თავად არასამთავრობო ორგანიზაციები ქმნიდნენ ყალბ ანგარიშებს და ხელოვნურად იწონებდნენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებებს.

"ქართულ ოცნებას ყველაფერი ყალბი და ხელოვნური სძულს და უყვარს და პატივს სცემს ყველაფერს ნამდვილს და ორიგინალს და ამიტომ გვყავს ჩვენ 1 120 000 ნამდვილი მხარდამჭერი. არ ვიცი ამ ზღაპრებს როგორ დავუჯეროთ. თქვენ გამორიცხავთ, რომ ის ხალხი, რომელსაც ახლა საქმე გამოლევია, რაღაც გაკვეული NGO-ები, თავად ქმნიან ასეთ ანგარიშებს, თვითონ უკრავენ, თვითონ ცეკვავენ და ბილეთებსაც თვითონ ყიდიან და ფულს იღებენ ამაში?

თქვენ ახსენეთ პაატა ბურჭულაძის შვილთან დაკავშირებით ჩემ განცხადებაზე, რომ ყალბი მოწონება იყო. ეს განცხადება იყო შემდეგი, რომ პაატა ბურჭულაძის მიერ იყო გამოთქმული სურვილი, რომ ეღიარებინა დანაშაული და საპროცესო შეთანხმებით გამოსულიყო თავისუფლებას. ამას მოჰყვა მისი შვილის განცხადება, რომ არა მამი, იჯექი ციხეშიო და ამაზე ვთქვი, რომ "აფერუმ პაატა ბურჭულაძეს, როგორი შვილი გაუზრდია ციხეში ტოვებსო" და თქვენ არ იწონებთ ჩემს ამ განცხადებას? ამ კონკრეტულ განცხადებას, რომელსაც თქვენც ეთანხმებით და იწონებთ, რაში გვჭირდება მაშინ ყალბი მომწონებელი, როდესაც თქვენ კრიტიკული მედიის წარმომადგენელიც კი იწონებთ ჩემს განცხადებებს?

ქართულ ოცნებას ჰყავს 1 120 000 ნამდვილი მომწონებელი და მხარდამჭერი. ეს 1 120 000 არის უცვლელი ბოლო 14 წლის განმავლობაში. ასე რომ, თუ ვინმეს რამე სიცრუე სჭირდება, სჭირდება თქვენი ტელევიზიის დამფინანსებელ მამუკა ხაზარაძეს, — განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, "სამართლიანი არჩევნების" (ISFED-ის) ინფორმაციით, გამოვლინდა კოორდინირებული არაავთენტური ქსელი, რომელშიც 400-ზე მეტი ყალბი ფეისბუქანგარიშია გაერთიანებული და რომლის ანგარიშების უმრავლესობა 2026 წლის 25-26 აგვისტოს, ორი დღის განმავლობაში შეიქმნა. ორგანიზაციის მონიტორინგის თანახმად, ანგარიშები InterPressNews-ის ფეისბუქგვერდზე "ქართული ოცნების" ლიდერების — ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძისა და ირაკლი კირცხალიას განცხადებებს ხელოვნურად უწონებენ. ანგარიშების უმრავლესობა პროფილის ფოტოდ ხელოვნური ინტელექტით გენერირებულ გამოსახულებებს იყენებს, ერთსა და იმავე გვერდებს იწერს და პოსტებს იდენტური თანმიმდევრობით იწონებს, რაც, ISFED-ის შეფასებით, მათ ერთი წყაროდან მართვაზე მიუთითებს.