ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სანამ წინ არ წავა საქართველოს მთავრობა ევროპული ღირებულებებისკენ, მათთან არ ითანამშრომლებენ, თუმცა გააგრძელებენ ქართული სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.

"საქართველოს კანდიდატის სტატუსი ახლა მხოლოდ ფურცელზე არსებობს. ჩვენ მოხარული ვიქნებოდით საქართველოს მთავრობასთან ისევ თანამშრომლობით, თუმცა ამისთვის საჭიროა მოძრაობა, სანამ ისინი წინ არ მიიწევენ, მათი ნაბიჯები არის უკუსვლა ბევრი იმ კანონით, რაც მიიღეს. ასე რომ, სანამ წინ არ წავლენ ევროპული ღირებულებებისკენ, ჩვენ მათთან არ ვითანამშრომლებთ, თუმცა მაქვს მნიშვნელოვანი სათქმელი ქართველი ხალხისთვის. იმ შემთხვევაშიც, კი როცა ჩვენ არ ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან, ჩვენ ვთანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ჩვენ ვეხმარებით ხალხს ბევრი მიმართულებით და ამას გავაგრძელებთ მომავალშიც. გაგვიხარდება, თუ საქართველო მხოლოდ ფურცელზე აღარ იქნება კანდიდატი ქვეყანა", — განაცხად მარტა კოსმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე მოკლე კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმაც.

მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხს დღევანდელ სხდომაზე მოკლედ განიხილავს, თუმცა მისი შეთავაზებაა, რომ საქართველოში არსებული ვითარება იანვარში უფრო საფუძვლიანად განიხილონ.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბაიბა ბრაჟეს თქმით, საქართველო საერთაშორისო ურთიერთობებისგან იზოლირებული არ არის, მაგრამ ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით მოსახლეობის სურვილები და მთავრობის პოლიტიკა ერთმანეთს არ ემთხვევა.

"ვერ ვიწინასწარმეტყველებ, როგორ განვითარდება პროცესები, მოვისმინეთ ევროკომისიის და საგარეო საქმეთა სამსახურის პრეზენტაცია, საქართველოში სიტუაცია არ შეცვლილა, ქართველ ხალხს სურს ევროპის ნაწილი იყოს, სამწუხაროდ, მთავრობას არანაირი ნაბიჯები არ გადაუდგამს, საქართველო არაა გამორთული საერთაშორისო ურთიერთობებიდან, თუმცა რაც შეეხება ევროკავშირისკენ გადასადგმელ ნაბიჯებს, რაც ქართველ ხალხს სურს, მათ სურთ უფრო სხვა რამ, ვიდრე ამას მთავრობა აკეთებს", — განაცხადა ბრაჟემ (გამოყენებულია "ტვ პირველია" თარგმანები).

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც დღეს, 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში გაიმართება, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს მდგომარეობასაც განიხილავენ