11 ოქტომბერს Yandex-ის, "რუსული გუგლის", სერვისების — დაახლოებით 80 ციფრული სერვისის — მუშაობა გლობალურად შეფერხდა. სოციალური ქსელიდან ვიგებთ, რომ საქართველოში შეფერხდა Yandex-ის ტაქსის სერვისიც ფუნქციონირებაც.

ეს ყველაფერი უკრაინული დრონების იერიშის შედეგია Yandex-ის 50-მეგავატიან მონაცემთა ცენტრზე, რომელიც ვლადიმირის ოლქში მდებარეობს. ეს უკვე მესამე თავდასხმაა, რომელიც რუსეთის ტექნოლოგიურ ობიექტებზე განახორციელეს.

პირველი იერიშები სხვა ორ მონაცემთა ცენტრზე წინა კვირაში, 8 და 9 ოქტომბერს, მიიტანეს. იმ დროისთვის Yandex-მა განაცხადა, რომ სერვისების მუშაობის უზრუნველყოფა უჭირდა.

კომპანიის განცხადებით, 11 ოქტომბრის თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რუსულმა მედია ASTRA-მ Telegram-ზე (ცენზურის ფარგლებში მთავრობამ მათი ვებსაიტი 2024 წელს დაბლოკა) ფოტოსურათები გამოაქვეყნა, რომლებშიც იერიშის შემდგომი ცეცხლი და სქელი კვამლი ჩანს.

ფოტო: Astra / Telegram

"დრონების თავდასხმის შედეგად ვლადიმირში Yandex-ის მონაცემთა ცენტრი დაზიანდა. მონაცემთა ცენტრის მუშაობა მთლიანად შეჩერებულია. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია; შესაბამისი სერვისები უკვე ადგილზე არიან და პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობენ", — ნათქვამია Yandex-ის შეტყობინებაში.

შეფერხდა სერვისებიც, რომელთა ჰოსტ-სისტემაც Yandex Cloud იყო. მათ შორისაა Compute Cloud, Object Storage, Managed Kubernetes, PostgreSQL და ClickHouse მონაცემთა ბაზები; ასევე YandexGPT API, SpeechKit და Vision OCR. ხარვეზები გაჩნდა კომერციულ პლატფორმებზეც რუსეთსა და მეზობელ ქვეყნებში.

ცნობისთვის, Yandex-ს რუსეთში ხუთი მონაცემთა ცენტრი აქვს. აქედან თავდასხმები სასოვოში, კალუგასა და ვლადიმირში მდებარე ცენტრებზე განხორციელდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.