მეცნიერებმა, სავარაუდოდ, ყველაზე ხმაურიანი ფრინველების ორი სახეობა გამოავლინეს. მათი მიგნება იმის ახსნაშიც დაგვეხმარება, რატომაა ზოგი ფრინველის ვოკალიზაციები სხვებზე ბევრად მჟღერი.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის ხელმძღვანელმა, ჯეფ პოდოსმა, 2019 წელს აღმოაჩინა, რომ მსოფლიოში ყველაზე ხმამაღალი "ძახილი" მამრ ერთულვაშა წკრიალას ახასიათებს. ამის საფუძველზე ეს არსება მოგვიანებით გინესის რეკორდების წიგნშიც შევიდა. რაც შეეხება ახალ პრეტენდენტებს, ესენი არიან კოტინგისებრნთა ოჯახში შემავალი Procnias nudicollis და კარიამასებრნთა ოჯახში შემავალი ქოჩორა კარიამა (Cariama cristata).

ახალი კვლევის მიზანი ასეთი პოტენციური რეკორდსმენების იდენტიფიცირება არ ყოფილა. ავტორებს იმის დადგენა სურდათ, თუ რამდენად გასაზღვრავს ფრინველის ფიზიკური მახასიათებლები მისი ხმის მაღალ ჟღერადობას ან რა როლი აქვს ამაში ეკოლოგიურ ნიშასა და სოციალურ ორგანიზაციას.

მეცნიერები ამბობენ, რომ ლაბორატორიაში ხმის დეციბელების განსაზღვრა მარტივია, მაგრამ ბუნებაში, საველე სამუშაოებისას, ეს გამოწვევებს უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ამ დროს დისტანცია მნიშვნელოვანია — ასობით მეტრის მოშორებით ხმა ისე არ ისმის, როგორც, მაგალითად, 1-2 მეტრში.

ამასთან, ბგერების ამპლიტუდისა და მანძილის ერთდროულად გაზომვა აქამდე შეუძლებელი იყო, თუმცა ახლა ამისთვის ლაზერული მანძილმზომი და მაღალი გარჩევადობის პორტატიული ხმაურსაზომი უკვე ხელმისაწვდომია.

ამ მოწყობილობების მეშვეობით მკვლევრებმა 123 სახეობის ფრინველთა ხმები შეისწავლეს. აქედან 113-ის ბგერების ამპლიტუდა აქამდე კატეგორიზებული არ იყო. მათ ამ არსებებში ხმის 58-დეციბელიანი დიაპაზონი გამოავლინეს. მაგალითად, კოლიბრის მაჩვენებელი 64 დეციბელია, Procnias nudicollis-ისა და Cariama cristata-სი კი — მაქსიმუმ 120 დეციბელი. ეს ნიშნავს, რომ მათი ვოკალიზაციები პნევმატიკურ ბურღსა და ელექტროხერხზე ხმამაღალია.

კვლევამ აჩვენა, რომ ყველაზე ხმამაღალი ფრინველები ძირითადად სხეულის ზომითაც დიდები არიან. მათ მოზრდილი კუნთები აქვთ, რაც ბგერის გამოცემისას ჰაერის მაღალ წნევას უწყობს ხელს. ასევე, ისინი ნისკარტს უფრო ფართოდ აღებენ, რაც ჟღერადობაზე მოქმედებს (მუსიკალურ საკრავებშიც იგივე პრინციპია).

ავტორები ამბობენ, რომ მათი მონაცემებით ჯერჯერობით ვერ ვიგებთ, რა ეკოლოგიური ან ევოლუციური დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ფრინველებში ხმის ასეთ ამპლიტუდას. იმედი აქვთ, რომ ამის შესახებ მომდევნო კვლევებით შევიტყობთ.

ნაშრომი გამოცემაში Evolution გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.