საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ სასამართლოში ოფიციალური სარჩელი შეიტანა. ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს.

გამოცემა "პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, სამართლებრივი დავა მედიასაშუალება შპს "გურიის მოამბის", მისი მფლობელის, ვლადიმერ მენაბდისა და ნაციონალური მოძრაობის წევრის, კახა ასკურავას წინააღმდეგ დაიწყო.

საქმე ეხება "გურიის მოამბის" მიერ 18 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა "გივი მიქანაძემ საკუთარი სახლის მშენებლობა საბავშვო ბაღში დაიწყო".

ამ ინფორმაციას გამოეხმაურა თავად მიქანაძეც. მან "გურიის მოამბე" დეზინფორმაციაში დაადანაშაულა და საჯარო ბოდიშს მოითხოვა. მინისტრმა თქვა, რომ "მიწა, რომელიც მან შეიძინა, იყო ცარიელი, იქ არანაირი შენობა არ იდგა". მანვე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ "გურიის მოამბე" ბოდიშს არ მოიხდიდა, სასამართლოს მიმართავდა.