იაპონიის მთავრობამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო, 2 ოქტომბერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა და რუსეთის მოქალაქეებს, კომპანიებსა და ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" გემებს სანქციები დაუწესა.

სიაში 33 რუსული კომპანია და 9 ფიზიკური პირია. ასევე დაუწესდა შეზღუდვები თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების 4 კომპანიასა და ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" 35 გემს.

ეს იაპონიის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაწესებული სანქციების პირველი მსხვილი პაკეტია.

სანქციების სრული სია იაპონიის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სიაშია რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული პირები. მათ შორის კომპანია VNIIR-Progress-ის გენერალური დირექტორი ვლადისლავ კოსტინი, Rostec-ის ხელმძღვანელის მოადგილე დმიტრი ლელიკოვი, Rostec-ის ტოპ-მენეჯერი ვასილი ბროვკო, კომპანია TROS-ის გენერალური დირექტორი იგორ ხომენკო, ამავე კომპანიის დირექტორის მოადგილე სერგეი უშკო, კომპანია Lobaev-ის დამფუძნებელი ვლადისლავ ლობაევი, ასევე Voskresensk Aggregate Plant-ის გენერალური დირექტორი ალექსანდრ სიჩუგოვი და შპს CST-ის მფლობელი ალექსანდრ ზახაროვი.

სანქციები ასევე დაუწესდა კომპანიებს Voentorg, VNIIR-Progress, Alabuga Machinery, Uralvagonzavod და სხვებს.